ანაკლიის პორტი

ხაზარაძის თქმით, მთავრობამ ორჯერ შეაჩერა ამერიკული ფონდის ინვესტიცია ანაკლიაში

0 კომენტარი
ფოტო: forbes.ge

გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკული ფონდის ინვესტიცია ანაკლიის პორტში ორჯერ შეაჩერა.

ხაზარაძის თქმით, არ იცის, კონკრეტულად რომელ ჩინოვნიკს ჰქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან.

"ერთ-ერთი ამერიკული ფონდი ორჯერ იქნა გაჩერებული ერთ-ერთი ჩვენი ჩინოვნიკის მიერ, უბრალოდ, არ ვიცი, თორემ ვიტყოდი, არ გაგვიმხილეს ამერიკელებმა"

ხაზარაძე ყვება, რომ მთავრობის პირველი ჩარევის შემდეგ, მას მერე, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ანაკლიის პორტზე განცხადება გააკეთა, კომპანიას ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი კვლავ შეაჩერა.

"გვითხრეს, რომ მათ მიიღეს ორჯერ გაფრთხილება, ერთი პომპეოს, სახელმწიფო მდივნის გამოსვლამდე, რომ მათ შეეჩერებინათ ინვესტიცია ჩვენთან, ეს არის უზარმაზარი, 40 მილიარდიანი ფონდი. შემდგომ, პომპეოს განცხადების მერე, მეორე დღეს ზუსტად, როცა ბახტაძე, წინა პრემიერი იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვეუბნება, რომ ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრეს, მწვანე შუქი აინთოო. გაგრძელდა ეს პროცესი. აგვისტოში ველოდებით დოკუმენტს, საბოლოო დოკუმენტს. დაამთავრეს ე.წ due diligence, შიდა აუდიტი. ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, ველოდებით დოკუმენტს და ისევ არის ნიშანი. უთხრეს ინვესტორს, გაჩერდიო." - ამბობს ხაზარაძე.

ის ყვება იმასაც, რომ ანაკლიის პორტის სხვა ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში "კატასტროფულად ჩაიარა".

29 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივა.

ხაზარაძის თქმით, "15 ოქტომბერს უნდა წარდგენილ იქნას კონსორციუმის მხრიდან ინვესტორის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მზად არის, რომ ინვესტიცია ჩადოს. ამავე დროს, უნდა მოხდეს შეთანხმება დამფინანსებელ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის."

ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის კი ყველაზე სადაო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები