გიორგი გახარია

Bloomberg-ის სტატიის შესახებ ტაბულას კითხვა გიორგი გახარიამ უპასუხოდ დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ბლუმბერგის სტატიის შესახებ დასმულ კითხვას პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ არ უპასუხა.

"ევროპული სკოლის" ახალი შენობის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან გამოსულ გიორგი გახარიას ტაბულამ რამდენჯერმე ჰკითხა ბლუმბერგის სტატიის შესახებ, თუმცა, პრემიერმა ჯერ სხვა ჟურნალისტის მიერ ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, შემდეგ კი, ტერიტორია დატოვა.

ამერიკულმა გამოცემა Bloomberg-მა წერილი სათაურით "რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან", 13 სექტემბერს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ივნისის მოვლენების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გიორგი გახარიასთვის განსაკუთრებული ნდობის გამოცხადება შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის შეშფოთების საფუძველს იძლევა.

"თავიდან ივანიშვილის პარტია მოლაპარაკებაზე წავიდა. დათანხმდა რეფორმებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულებს აიძულებს, უფრო ფართო მმართველ კოალიციებში შევიდნენ. თუმცა, გასულ კვირას, პარტიამ და ლიდერმა გახარიას უფრო დიდი ნდობა გამოუცხადეს. აშშ-ს და ევროპას ეს უნდა აშფოთებდეს," - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი, ამერიკელი ჟურნალისტი და მიმომხილველი ილაი ლეიკი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ პოსტ-საბჭოთა წლები რუსეთში გაატარა და იქაური მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო. ჟურნალისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გახარია პროდასავლურ ოპოზიციას ესხმის თავს:

"მაშინ, როცა ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ კარიერა საქართველოში, სსრკ-ს დანგრევის შემდეგ ახალი რესპუბლიკის აშენებაში გაატარა, გახარია მთელი ეს დრო ბიზნესით იყო დაკავებული მოსკოვში და რუსული მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო. მართალია, ის ამბობს, რომ აშშ კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა საქართველოსთვის და ამასთან, აკრიტიკებს აფხაზეთისა და სამხრეთის რუსულ ოკუპაციას" - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ გიორგი გახარია თავს ესხმის ყველაზე ანტირუსულ პარტიებს, რითაც "ბევრი აქვს საერთო მის პოლიტიკურ მფარველთან".

"ივანიშვილიც ხშირად სწორ რაღაცებს ამბობს, როცა საქმე რუსეთს ეხება. მაგრამ ფაქტი, რომ მისი 5 მილიარდზე დიდი ქონება რუსეთშია დაგროვებული 1990-იან წლებში, აჩენს ეჭვებს, თუ რამდენად აქვს მასზე ბერკეტები კრემლს." - წერს ლეიკი .

"საბედნიეროდ, ივანიშვილზე აშშ-საც აქვს ბერკეტები. ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში და ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა მითხრა, რომ ივანიშვილი ქონების ნაწილს დასავლეთში ინახავს, აქცევს რა მას ამერიკელების კონტროლის ქვეშ." - ნათქვამია სტატიაში.

ილაი ლეიკი წერს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, აშშ-მა ნათელი მესიჯი გაუგზავნოს ბიძინა ივანიშვილს მომდევნო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები