სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ხულორდავა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: ევროპ.საქართველოს პროვოკაციას არ წამოვეგებით

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროპული საქართველოს დადგენილების პროექტს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შესახებ, ავანტიურას და პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს, რომ საქართველოს მოუწევს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა რუსეთის აგრესიისთვის", ქართული ოცნებისთვის პრინციპულად მიუღებელია.

"ის, რაც მაძლევს საფუძველს, მეტი ნეგატივი მოჰყვეს და კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოიწვიოს, არის ის უპრინციპო ქმედებები,რომელსაც რუსეთის ხელისუფლება  მუდმივად ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არ გვინდა, მათ მივცეთ დამატებითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეექმნას საფრთხე საქართველოს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას" - ამბობს ხულორდავა და რამდენჯერმე იმეორებს, რომ ქართული ოცნება ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

"პრინციპულად ვემიჯნებით ყველა იმ პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ ასეთი რამე შეიძლება იყოს ვინმესთვის და რამისთვის ტესტი, ეს არის ავანტიურა.

ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ განვითარება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციებისკენ, ჩვენი მისწრაფებების განხორციელებისკენ, ეს შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი პროგრესის და მშვიდობის პირობებში, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს, იმისა, რომ საქართველოს მოუწევს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა რუსეთის აგრესიისთვის, ეს არის ჩვენთვის პრინციუპულად მიუღებელია. რუსეთი აგრესორია და აგრესორმა უნდა გადაიხადოს ფასი და არა საქართველომ" - ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე.

კითხვაზე, "რომ ვერ იხდის?", ხულორდავა პასუხობს - "იხდის, გადაიხდის".

"ჩვენ ვმუშაობთ, ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად იყოს ეს თემა, როგორც ერთერთი საკვანძო საკითხი.

ამ დადგენილების ქვეტექსტი ისეთია, თითქოს რაღაცა დამატებითი გააქტიურება და მოწოდებები სჭირდება ხელისუფლებას იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს. ეს არის ცალსახად არასწორი, სპეკულაციური ჩანაწერი. გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ამის განხილვაშიც არ შევალთ. ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ არ წამოვეგებით, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და არა პოლიტიკური ჯგუფის წინაშე, რომელიც ვიწრო პარტიული იტერესებიდან მოქმედებს" - ამბობს ხულორდავა.

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ამის შესახებ პარტიის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში 2019 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, 16 სექტემბერს უნდა განიხილოს. 

დადგენილებით პარტია ასევე ითხოვს, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა უზრუნველყოს: 

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია;
  • ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დადგენილების პროექტში წერია, რომ აუცილებელია, მთავრობამ შეასრულოს ეს სამი მოთხოვნა, ვინაიდან: 

  • რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ოკუპაციას;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება; კერძოდ, უკან დახიოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატით განსაზღვრულ არეალში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია კვლავაც გამოირჩევა დესტრუქციული მიდგომით ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებზე;
  • ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა - დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და მათი საკუთრების უფლებების აღდგენა - და, ასევე, სრული დეოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტებია;
  • ვინაიდან ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება - მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება - საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები