ლელო - ახალი პოლიტიკური მოძრაობა

ხაზარაძე ბათუმში მეჩეთის აშენებაზე: გინახავთ, რა მდგომარეობაშია თურქეთში ჩვენი ეკლესიები?

youtube.com EY Global

სამოქალაქო მოძრაობის "ლელო" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძემ, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში სადავო მეჩეთთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ ჰკითხა. 

ხაზარაძის თქმით, მან ამ საქმის დეტალები არ იცის, თუმცა მას, "როგორც ქართველსა და როგორც მართლმადიდებელს" აინტერესებს, რა მდგომარეობაშია თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლები. 

"თქვენ იცით, რომ საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ტოლერანტობით და აქ არასდროს, არცერთ რელიგიას არ ჰქონია ისტორიულად შეზღუდვა, ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს არის ის, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. როცა ლაპარაკია მეჩეთის მშენებლობაზე, მე არ ვიცი დეტალები, არც სასამართლო დავის დეტალები, გავეცნობი აუცილებლად, რომ საქმის კურსში ვიყო, მაგრამ ჩვენი ისტორიული ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, თქვენ გინახავთ რა მდგომარეობაშია?" - თქვა ხაზარაძემ. 

გადაცემის "მთავარი" წამყვანმა მას ჰკითხა, არის თუ არა ეს საკითხი ბათუმში მეჩეთის მშენებლობის უფლების არგაცემის საპირწონე, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამ ორ თემას ერთმანეთს არ უპირისპირებს. 

"არა, მე საპირწონეს არ ვლაპარაკობ, სხვა რამეს ვლაპარაკობ. როცა ლაპარაკია რელიგიების თანაარსებობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია... მე, როგორც ქართველი და მართლმადიდებელი ამ პრობლემას წამოვწევ ახლა წინ და არანაირად არ ვუპირისპირებ ამ თემებს ერთმანეთს. უბრალოდ, ამაში გავერკვევი. თუ რამე არაკანონიერია, მაგაში გავერკვევი, როცა ჩამოვალ ბათუმში, აუცილებლად ამ თემას მოვიკითხავ,"- თქვა ხაზარაძემ. 

ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.2017 წლიდან მუსლიმები დარღვეული უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით ცდილობენ. მათ ინტერესებს TDI და EMC იცავენ. 

სარჩელის ძირითადი მოთხოვნაა, ბათილად სცნოს ბათუმის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. მოსარჩელეს სურს სასამართლომ მუნიციპალიტეტს ნებართვის გაცემა დაავალოს და დაადგინოს, რომ მუსლიმთა მიმართ ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.   

კომენტარები