NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე მნიშვნელოვნად შშმ პირების უფლებების დაცვა მიაჩნიათ, უმნიშვნელოდ - LGBT პირების

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში არის კითხვა უმცირესობების უფლებების შესახებაც. მკვლევარებმა მოქალაქეებს ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა კონკრეტული უმცირესობების უფლებები.

შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა მიაჩნიათ, ყველაზე უმნიშვნელოდ კი სექსუალური უმცირესობების.

გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ შშმ პირების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, 34%-ის აზრით კი, მნიშვნელოვანი. ნეიტრალურად არის განწყობილი მხოლოდ 5%.

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათი უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია 16%-ს, ხოლო მნიშვნელოვნად 56%-ს. ნეიტრალური განწყობა აქვს 16%-ს, ხოლო უმნიშვნელოდ მიიჩნევს 5%.

დაახლოებით იგივე მაჩვენებელია რელიგიური უმცირესობების შემთხვევაში: ძალიან მნიშვნელოვანი (17%), მნიშვნელოვანი (54%), ნეიტრალური (16%), უმნიშვნელოა (6%).

სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია მხოლოდ 5%-ს, ხოლო მნიშვნელოვნად 22%-ს. 20%-ს ნეიტრალური განწყობა აქვს, ხოლო 19% მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოა. ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა სრულიად უმნიშვნელოდ მიაჩნია 25%-ს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები