მდინარაძე პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს.

"პოლიციელის მკვლელის შეწყალების ამბავი როდესაც გავიგე მეორე დღესვეგავაკეთე ამაზე კომენტარი. ადმინისტრაციამ ალბათ ამასთან დაკავშირებით დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს. იმ შეწყალების აქტში როგორც ჩანს სხვა ალოგიკური საკითხებიც მოხდა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი", - თქვა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა შეწყალების უფლება, მაგრამ არსებიბს გარკვეული ლოგიკა, რაშიშ ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს.

ცნობისთვის, მედიის ცნობით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 

ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს, უზენაესი სასამართლოს განაჩენით, განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე თბილისში, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, ასლან ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცავალა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი.

პოლიციელის მკვლელის შეწყალების შემდეგ, რასაც საზოგადოების კრიტიკა და აღშფოთება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ინიციატივით გამოვიდა, "საკნაონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს". 

"შეწყალების აქტი არ უნდა გახდეს უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა,"- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტაბულა დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხვით, ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის ეს ინიციატივა იმას, რომ შესაძლოა, მომავალში პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილება შეეზღუდოს, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ სეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

კომენტარები