ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის PR კომპანიებმა ქალაქის იმიჯის აღსადგენად მთავრობას თანამშრომლობაზე უარი უთხრეს

GETTY IMAGES

ჰონგ-კონგის პიარ კომპანიებმა ქალაქის იმიჯის აღსადგენად მთავრობას თანამშრომლობაზე უარი უთხრეს.

ჰონგ-კონგის მთვარობა რვა საზოგადოებრივი ურთიერთობების კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა მათ ჰონგ-კონგის მთავრობასთან კავშირზე უარი განაცხადეს.

ქალაქის ლიდერის, ლამის თქმით, კომპანიებში განაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის რეპუტაციის აღსადგენად შესაფერისი დრო არ იყო. 

აგვისტოში მოპარულ აუდიო ჩანაწერში, ლამმა თქვა, რომ პირველმა 4-მა ფირმამ მაშინვე უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე. არც დანარჩენმა ოთხმა დადო ჰონგ-კონგის მთავრობასთან ხელშეკრულება.

მთავრობას სურდა, რომ კომპანიებს ეპასუხა იმ უარყოფითი აღქმებისთვის, რაც საზღვარგარეთის დიდ ბაზრებზე არსებობდა და უცხოელების ნდობა კვლავ დაებრუნებინათ. მთავრობის მოთხოვნა იყო, რომ კომპანიას ხაზი გაესვათ ჰონგ-კონგს უპირატესობებისთვის და გამოეკვეთა ერთი ქვეყნისა და ორი სისტემის წარმატება.

ერთერთმა ფირმამ გააკრიტიკა მთავრობა აღნიშული პიარ სტრატეგიისთვის მაშინ, როდესაც ქალაქი "ცეცხლში იწვოდა".

მე-4 თვეა, რაც ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიულ აქციებზე მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

კანონპროექტის განხილვა ივნისში საპროტესტო აქციების შედეგად შეჩერდა, თუმცა მომიტინგეები მის სრულ გაწვევას ითხოვდნენ. 

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჯარი შევიდა და როტაცია განახორციელა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია. საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ჰონგ-კონგში მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები