აშშ-ირანი-საუდის არაბეთი

აშშ და საუდის არაბეთი ირწმუნებიან, რომ ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა ირანიდან მოხდა

0 კომენტარი
ფოტო: US GOVERNMENT

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა, რადგან სამხრეთით იყო მიმართული იემენიდან წამოსული თავდასხმის შესაჩერებლად.

სიტუაციის შესასწავლად საუდის არაბეთში ფრანგი ექსპერტები გაემგზავრნენ.

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საპასუხო გეგმის მომზადება დაავალეს, თუმცა თეთრი სახლი საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედონ. უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა.

საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელიც დაამტკიცებს თავდასხმაში ირანის მონაწილეობას.

ირანი თავდასხმაში მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, თუმცა აშშ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა არა მათ მიერ კონტროლირებადი, საუდის არაბეთიდან სამხრეთ-დასავლეთი მდებარე ტერიტორიიდან, არამედ ჩრდილო-დასავლეთით, ერაყის ან ირანის ტერიტორიიდან მოხდა.

the New York Times-თან ABC-სთან and Reuters-თან საუბარში აშშ-ის ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, რომ თავდასხმის მასშტაბები ჰუსიტების მონაწილეობას ეჭვქვეშ აყენებს.

თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"საუდის არაბეთის ნავთობის მარაგს დაესხნენ თავს. გვაქვს საბაბი ვიფიქროთ, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე, ბრძოლისათვის მზად ვართ, ველოდებით დადასტურებას. ველოდებით ინფორმაციას სამეფოსაგან, ვინ მიაჩნიათ რომ დგას თავდასხმის უკან და რა პირობებით უნდა ვიმოქმედოთ!"

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით ობიექტების სრულად აღდგენა თვის ბოლომდე მოხერხდება.

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი რეგიონში მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულეს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები