20 ივნისი

"ივანიშვილს ვაჩვენებთ წითელ ბარათს" - სირცხვილია 20 სექტემბრის აქციაზე 1-წლიან გეგმას წარადგენს

ტაბულა

20 სექტემბერს, 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. ორგანიზატორებმა დაგეგმილ აქციასა და სამოქალაქო მოძრაობის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

"ეს მოიცავს შესაძლებლობას, სამოქალაქო საზოგადოებამ კოორდინირება გაუწიოს პროდასავლურ პოლიტიკურ კლასს. ამის გარდა, გეგმა მოიცავს როგორც საინფორმაციო ნაწილს, ანუ ცნობიერების ამაღლების, ისე ძველ, კარგ, აქტივისტურ ნაწილს, რომლის დეტალურ გეგმასაც ხვალ გაგაცნობთ.

მთელი აქტივობა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება გააკეთებს, მიმართული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე რეგიონალური მმართველობის წინააღმდეგ. ეს მიმართულია იქით, რომ 2020 წელს ქართულმა საზოგადოებამ გააკეთოს პროდასავლური არჩევანი და პრორუსული ხელისუფლება მოიშოროს ინფორმირებული პროპორციული არჩევნების გზით" - თქვა დიღმელაშვილმა და აღნიშნა, რომ მათი მოლოდინია მხოლოდ გამარჯვება.

"[გიორგი გახარიას დაწინაურება] ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დაიჯერა თავისი ტროლებით შექმნილი რეალობა და ჰგონია, რომ ფართო, სახალხო ლეგიტიმაცია აქვს გიორგი გახარიას. თუმცა, ამ მოვლენებმა ისიც აჩვენა, რომ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე რა საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს ერთი ადამიანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გიორგი გახარია თავად დაპირდა საზოგადოებას, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიებამდე ის შს მინისტრის პოზიციაზე დარჩებოდა, მაგრამ მან საკუთარი პრემიერის კარიერა დაიწყო ტყუილებით - ეს საქმეები ფორმალურადაც არ არის გამოძიებული.

ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სხვა სამიზნე არც შეიძლება არსებობდეს გარდა ბიძინა ივანიშვილისა. სამი თვე მივეცით მათ, რომ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ღირსების მქონე ხელისუფლება. ამის მიუხედავად, მან ასე გვიპასუხა. ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას და ვაჩვენებთ წითელ ბარათს, მანამდე ყვითელი ბარათი ვაჩვენეთ, თუმცა იმასაც უზრუნველყოფთ, რომ არეულობა არ იყოს, არეულობა მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს" - თქვა დიღმელაშვილმა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი "მხოლოდ პროპორციული არჩევნებით ვერ გამოძვრება".

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 

კომენტარები