რამზან ახიადოვი

"გარანტია მივიღეთ, რომ ადამიანურ პირობებში ეყოლებათ" - რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცეს

0 კომენტარი
თეა წულუკიანი ფოტო: Reuters

ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ახიადოვის რუსეთში ექსტრადირება 19 სექტემბერს, დილით მოხდა. 

"პირი ბრალდებულია ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში 2013-2015 წლებში. ის ჩვენთან შემოვიდა თურქეთის სახელმწიფოდან, სადაც ასევე ეწეოდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყობად ხალხის აფილირებას, შეკრებას და დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ამ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა პირველი არხის ცნობით.

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ ძალინ მძიმე მუხლების მიუხედავად, რამზან ახიადოვს ადამიანურ პირობებში ამყოფებენ.

"ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის თითოეული ჩეჩენი, თითოეული ქისტის, ჩვენი მოქალაქის თუ სხვა ქვეყნის იყო პრიორიტეტი და არის ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა, თუ ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით. ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ.

არავითარი ეჭვი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი" - ამბობს წულუკიანი.

რამზან ახიადოვი საქართველოში 2017 წლიდან ცხოვრობდა. ის 9 თვის წინ, ქუთაისში, მანქანის არასწორი პარკისებისას გააჩერეს. პოლიციამ მაშინ გაარკვია, რომ ახიადოვი ინტერპოლით ძებნილი იყო. მას შემდეგ, ის რუსთავის #6 დაწესებულებაში იმყოფებოდა. რუსეთის ფედერაცია რამზან ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს, თუმცა, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბერს, საგანგებო ბრიფინგზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ გადაეცათ რამზან ახიადოვი რუსეთისათვის, რადგან იქ მას არადამიანური მოპყრობა ელოდა. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება უკვე მოახდინეს.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები