ჩინეთი

ჩინეთში პრეს ბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო

NY Times

ჩინეთში ჟურნალისტებს პრეს ბარათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიანიჭებენ თუ პრეზიდენტ სი ძინპინისადმი ერთგულების ტესტს ჩააბარებენ.

ოქტომბერში საპილოტე ტესტში 14 სახელმწიფო მედიიდან 10 000 პეკინელი ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას.

ტესტით სი ძინპინის პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და მარქსიზმის ცოდნა შემოწმდება - გამოცდა 5 ნაწილისგან იქნება შედგენილი, აქედან სულ მცირე 2 სი ძინპინის პოლიტიკური მსოფლმხედველობის ცოდნის შემოწმებას, ერთი კი მარქსიზმს დაეთმობა.

საპილოტე ტესტის შემდეგ გამოცდას მთელ ჩინეთში ჩაატარებენ და ჟურნალისტებს მხოლოდ მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიენიჭებათ პრეს ბარათი. გამოცდის ჩატარების დრო, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოცდა კომუნისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილების მედია ზედამხედველობის მოთხოვნით ტარდება.

გამოცდაში ჩაჭრის შემთვევაში პრეს ბარათის მოსაპოვებლად ჟურნალისტს კიდევ ერთი ცდის უფლება ექნება. 

"მე ძალიან კარგი ვარ ასეთ რაღაცებში - მე თითქმის ყოველდღე ვაშუქებ ასეთ რამეს. დარწმუნებული ვარ, არ ჩავიჭრები," - თქვა ერთერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც იდენტობის გამხელა არ ისურვა. მან გამოცდისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ტესტი Xuexi Qiangguo (学习强国) მობილურის აპლიკაციით ბარდება. აპლიკაციის სახელწოდება ორაზროვანია და შეიძლება ნიშნავდეს 'ისწავლე და გააძლიერე ქვეყანა' ან 'ისწავლე სი (სი ძინპინი) და გააძლიერე ქვეყანა', რადგან პრეზიდენტ სი ძინპინის (习近平) სახელი ჩინურად სწორედ სიტყვა სწავლის (学 ან 学习) იეროგლიფით სით (习) იწყება.

აპლიკაციას მაო ძედუნის ციტატების "პატარა წითელ წიგნს ადარებენ", რომელსაც ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს ფართოდ ავრცელებდნენ.

აპლიკაციით პრეზიდენტის პოლიტიკური ფილოსოფიის პროპაგანდული სტატიების, ვიდეოებისა და სხვადასხვა მასალის ნახვაც არის შესაძლებელი.

Xuexi Qiangguo მიმდინარე წლის იანვარში წარადგინეს, რაც ჩინეთში ტექნოლოგიით იდეოლოგიური კონტროლის გაძლიერების მაგალითია. თავდაპირველად, აპლიკაციის ჩაწერა კომუნისტური პარტიის ყველა წევრისთვის სავალდებულო იყო.

აპლიკაციით პროპაგანდის დეპარტამენტს ამა თუ იმ პირის პროგრესისთვის თვალის მიდევნებაც შეუძლია.

კომენტარები