ეგვიპტე

ეგვიპტეში მომიტინგეებს და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მეორე დღეა გრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ეგვიპტეში მომიტინგეებს და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მეორე დღეა გრძელდება. საპორტო ქალაქ სუეცში მთავრობის წინააღმდეგ ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი სისის რეჟიმს აპროტესტებენ.

ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენ გაზთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს. არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია დედაქალაქ კაიროშიც, განსაკუთრებით კი თაჰრირის მოედანზე, რომელიც 2011 წლის რევოლუციის ეპიცენტრი იყო.

პარასკევს კაიროს ქუჩებში ასობით ეგვიპტელი გამოვიდა შეძახილებით "სისი, წადი!". პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ 74-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები ქვეყნიდან გაქცეული ბიზნესმენის, მუჰამედ ალის ონლაინ მოწოდებას მოჰყვა. ალი სისის მთავრობას და სამხედრო ძალებს კორუფციაში ადანაშაულებს. მან ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მომავალ პარასკევს მილიონიანი აქცია დააანონსა.

ეგვიპტეში საპროტესტო აქციები კანონით 2013 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენეს.

თუმცა გაზრდილმა ფსებმა და 2016 წლიდან გამკაცრებულმა ეკონომიკურმა რეგულაციებმა გენერალ აბდელ ფათაჰ ალ-სისის მთავრობის წინააღმდეგ პროტესტი გამოიწვია.

ივლისში გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ეგვიპტელების თითქმის ერთი მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და დღეში 1.40 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.

შეგახსენებთ, რომ სისი ხელისუფლებაში 2013 წელს მოვიდა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სამხედრო ძალებმა მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გადააყენეს. სისი პირველად 2014 წელს ხმათა 97%-ით არიჩიეს, ხოლო მეორედ გასული წლის მარტში, თუმცა მისი ოპონენტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ზეწოლაზე საუბრობენ.

ამის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები როგორც ქვეყანაში ასევე მის გარეთ საუბრობენ უფლებების უხეშ დარღვევაზე და ათობით ათასი ადამიანის უკანონო დაკავებაზე.

ინტერნეტის მონიტორიგნის სააგენტო NetBlocks-ის თქმით ეგვიპტეში 34,000-მდე ვებგვერდი დაბლოკეს რათა მოსახლეობას წვდომა არ ჰქონოდა კამპანიაზე, რომელიც ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებდა.

ეგვიპტის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მოქმედ პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ ალ-სისის საშუალებას მისცემს პოსტზე 2030 წლამდე დარჩეს.

სისი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით გასულ წელს აირჩიეს და და 4-წლიანი ვადა 2022 წელს ეწურება.

გარდა ვადის გახანგრძლივებისა იზრდება პრეზიდენტის გავლენაც სასამართლოზე და სამხედრო ძალებზე. პრეზიდენტს ასევე შეეძლება ერთი ან მეტი ვიცეპრეზიდენტის დანიშვნა. 2012 წლის კონსტიტუციით ეს პოსტი გაუქმდა.

ასევე დაბრუნდება 2014 წელს გაუქმებული პარლამენტის ზედა პალატა, სენატი, სადაც 180 წევრის ერთ მესამედს პრეზიდენტი დანიშნავს, დანარჩენს კი ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს.

ქვედა პალატაში წარმომადგენლების რაოდენობა 596-დან 450-მდე შემცირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები