ფარული ჩანაწერები

ბესელია: ფარული კადრებით შანტაჟი გრძელდება, მათ შორის, უმრავლესობის წევრების

პარლამენტი

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი გრძელდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, მათ შორის, ვისაც აშანტაჟებენ, უმრავლესობის წევრებიც არიან და ამის შესახებ მათ თავად უთხრეს.  

"მე ვერ ვიტყვი, ვინ არიან ისინი, მაგრამ მათ შორის არიან უმრავლესობის წევრები. მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი, თავად უთქვამთ. [..] ყველა ქალი არ არის, არის კაციც," -თქვა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, იმ ამ პირების ვინაობას ვერ დაასახელებს. ბესელია, რომელსაც მსგავსი მეთოდით თავადაც აშანტაჟებდნენ, ამბობს, რომ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიჰყვება, რათა სხვებისთვის მაგალითი გახდეს.  

"როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდეს. მე არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. მე რამდენიმეს თაობაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. [...] მე ვიცი რომ არსებობს ასეთი ფაქტები, მათ შორის იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს შეეხო,"-ამბობს ბესელია.   

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო". 

23 ივლისს შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

კომენტარები