რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ლელო მთავრობას: დაიწყეთ მოლაპარაკება აშშ-სთან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტს და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსებას ითვალისწინებს. მოძრაობის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ამას სათანადო პასუხი არ გასცა.

"მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს არაეფექტიან, შემგუებლურ და შედეგობრივად ხელშემწყობ პოლიტიკას, არ იყენებს დიპლომატიის არცერთ ბერკეტს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის შესახებ პოლიტიკურად არასათანადო დონის განცხადებები გააკეთა, რაც მიანიშნებს, რომ მას არ სურს და არ ძალუძს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რუსეთის აშკარად გამოხატულ აგრესიულ აქტებზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

ამავე დროს, 2017 წლის აშშ-ს სანქციების აქტი, რომელიც სრული ორმხრივი პარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული აშშ-ს კონგრესში, იძლევა საშუალებას, ამოქმედდეს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს მოხდა ყირიმთან მიმართებით. ამასთან, ნათელია, რომ აქამდე არსებული არაღიარების პოლიტიკა ვერ პასუხობს რუსეთის დღევანდელ ქმედებებს და ფაქტობრივ ანექსიას. შესაბამისად, მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას:

  • მთავრობის ხელმძღვანელის დონეზე დაგმოს კრემლის ბოლო გადაწყვეტილება აფხაზეთის სამხედრო შეიარაღების დაფინანსების თაობაზე;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობების თაობაზე;
  • გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესების პოტენციური შესაძლებლობების შესახებ;
  • დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოსთვის სპეციალური მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტს:

  • გამოიყენოს გაეროს მაღალი ტრიბუნა და ცალსახად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, წარმოაჩინოს რუსეთის მტრული და აგრესიული, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით;
  • თავი შეიკავოს რუსეთის დელეგაციასთან ნებისმიერი, არაფრისმომცემი დიალოგისა და ორმხრივი შეხვედრის ფორმატისგან გაეროს ასამბლეის ფარგლებში და მის შემდგომ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი, ე.წ. არმიის გენერალი მირაბ ქიშმარია 23 აგვისტოს შეთანხმდნენ. 13 სექტემბერს, ამ შეთანხმებას რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა და ხელის მოსაწერად პრეზიდენტს გაუგზავნა. შესაბამისი ბრძანება ვლადიმირ პუტინმა 22 სექტემბერს გამოსცა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯარის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. დაგეგმილია ე.წ სამხედრო სარდლობის სტანდარტების ეტაპობრივად გაზრდა. ე.წ შეიარაღებული ძალების წვრთნა, თანამედროვე ტიპის იარაღით მათი აღჭურვა. თანხა ასევე გამოიყოფა ფულადი დახმარებისა და სხვა სოციალური შეღავათებისთვის. 

შეთანხმების მიხედვით, ყველა საჭირო დოკუმენტი 2019 წლის დეკემბრამდე მზად უნდა იყოს.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები