რეფინანსირების პოლიტიკა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 102 ათასზე მეტ მომხმარებელს უძვირებს სესხს

REUTERS

ორგანიზაცია ბანკები და საზოგადოების თანახმად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ 102 700 მომხმარებელს გაეზრდება საპროცენტო განაკვეთი სესხზე.

სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 2019 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით. ამათგან, აბსოლუტური უმრავლესობა მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი სექტემბერში უკვე მეორედ გაიზარდოს.

რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაიზრდება 7.5%-მდე.

გადაწყვეტილების მიზეზად ეროვნულ ბანკში ლარის გაუფასურების გამო ინფლაციაზე მაღალი ზეწოლა სახელდება.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

 

კომენტარები