სესხების ჩამოწერა

მაჭავარიანის პასუხი ხაზარაძეს: პოლიტიკა ამხელა ტყუილით რატომ უნდა დაიწყო, არ მესმის

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინ ბანკებს მთავრობამ აიძულა სესხების ჩამოწერა.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თქმით, პროცესში აქტიურად იყო ჩართული ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს მის კაბინეტში ზეწოლასა და რეკეტს ჰქონდა ადგილი.

"სრულად ვიყავი ჩართული ამ პროცესში და აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიდიოდა. მინდა გითხრათ ერთი რაღაცა - იყო ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო და ყველა ბანკი., ზოგიერთმა საერთოდ არ გამოხატა ინტერესი, ეს იყო მაგალითად, პროკრედიტ ბანკი და დაახლოებით 14-15 მიკროსაფინანსო.

ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის მერე მოჰყვა რამე ღონისძიება, არც უთხოვია არავის. ხომ შეიძლება, დაურეკო და ჰკითხო, ხომ არ გადაიფიქრა?" - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ივანე მაჭავარიანის თქმით, იმ ბანკებმა, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას დათანხმდნენ, "სარფიანად იხეირეს".

"პოლიტიკა პირდაპირ ამხელა დიდი, მსუყე ტყუილით რატომ უნდა დაიწყო, არ მესმის." - ამბობს ის მამუკა ხაზარაძეზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებებს განულებას დაპირდა. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით - ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მაშინ ამტკიცებდა, რომ დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ქართუ" ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის 2018 წლის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

ვალების ჩამოწერის პროგრამა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ და ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმების ყიდვად შეაფასეს.

კომენტარები