შსს

TV PIRVELI: ივლისში გახარიამ ბელარუსულ კომპანიას თითის ანაბეჭდების ბაზის განახლება დაავალა

საქართველოს მთავრობა

TV პირველის ცნობით, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ბელარუსულ კომპანია TODES-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც კომპანიას იმ ბაზის განახლება დაევალა, სადაც საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდებია დაცული. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაშინდელმა შს მინისტრმა გახარიამ ეს ხელშეკრულება მინსკში დაარსებულ კომპანიასთან მას შემდეგ გააფორმა, რაც TBC ბანკის დამფუძნებელმა და ახლა უკვე პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ მან 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. 

კერძოდ, ტელეკომპანია პირველის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ წლის მაისში დაიწყო, ხელშეკრულება კი 19 ივლისს გაფორმდა. 

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია TODES-ს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა, კერძოდ კი იმ ბაზის განახლება დაევალა, სადაც საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდებია დაცული. 

ამასთან, ტვ პირველის ცნობით, უწყებამ ტენდერი არ გამოაცხადა და კომპანიასთან ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის წესით გააფორმა. 

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მან შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძესა და ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. 

მოგვიანებით, ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ ასეთი განცხადება მეორე ტურის წინ მართლაც გამოაქვეყნა. 

5 მარტს ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ სასამართლოში გახარიას მუქარის ამსახველი წერილის ასლი მიიტანა და რომ წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. 

ხაზარაძის მიერ მუქარის წერილზე საუბარს წინ უძღოდა პროკურატურის მიერ TBC ბანკში შესვლა და ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება, რის შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გამოძიების შედეგად TBC ბანკმა ლონდონის ბირჟაზე რამდენიმე მილიონი დოლარით იზარალა. 

12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ლონდონში ექსპერტიზის პირველი ნაწილი დასრულდა და მისი ორიგინალი ვერსია ახლა საქართველოშია. ხაზარაძის თქმით, წერილზე ექსპერტიზამ 120-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინა. ახლა სწორედ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, წერილზე არსებული 120-ზე მეტი თითის ანაბეჭდიდან, რომელიმე ეკუთვნოდა თუ არა გიორგი გახარიას. 

კომპანია TODES-ი 1992 წელს მინსკში დაფუძნდა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მათი სერვისის დამკვეთების სიაა მოცემული, სადაც უზბეკეთისა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროებიცაა მითითებული. 

კერძოდ, როგორც კომპანიის ვებსაიტზეა მითითებული, მათი დამკვეთები არიან: 

უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი;
ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი;
ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო; 
ბელარუსის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო;
ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი. 

ოპოზიციური ლიდერები ტელეკომპანია პირველთან ამბობენ, რომ ეს ხელშეკრულება ორი კუთხითაა საგულისხმო - ერთი ხაზარაძის მიმართ მიწერილ წერილს და მასზე გახარიას შესაძლო თითის ანაბეჭდს უკავშირდება, ხოლო მეორე კი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. 

კერძოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავისუფლადაა შესაძლებელი, საქართველოს მოქალაქეების ბაზები რუსული სპეცსამსახურების ხელში მოხვდეს. 

"ჩვენი მოქალაქეების ინფორმაცია მოხვდება ბელარუსული კომპანიის ხელში. ამის შემდეგ უკვე ჩვენ მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი ეს ბაზები მოხდება რუსეთის სპეცსამსახურის ხელში მინსკის გავლით. ამ ერთი დოკუმენტით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იქით ვუხდით ფულს რუსეთის პრესსამსახურებს იმაში, რომ მათ საქართველოს მოქალაქეებზე მიიღონ პირადი ინფორმაცია,"- ამბობს ხაბეიშვილი. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ეს კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცემს საშუალებას, რომ თუ ხაზარაძისთვის მიწერილ წერილზე გახარიას ან მისი თანაშემწის კვალია, ეს კვალი გააქროს. 

"გახარიას და ხაზარაძის წერილის ისტორიაში მთავარი საკვანძო მომენტი არის ის ანაბეჭდი ან დნმ-ს კვალი, რომელიც სავარაუდოდ გახარიამ ან მისმა თანაშემწემ დატოვა იმ წერილზე, რომლის შინაარსიც უეჭველი ბიძინა ივანიშვილის დაწერილია. გახარიას დაწერილი ეგ წერილი არ არის,"- ამბობს უგულავა.

კომენტარები