ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

რუსეთის შურისძიება - ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

ეს გამონაკლისი შემთხვევა არაა. ბოლო წლებში რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმთან დაპირისპირებულები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხან საეჭვო და ხანაც სრულიად ცხად ვითარებაში იღუპებოდნენ. ასეთ შემთხვევებს ზოგჯერ ფართო პოლიტიკური გამოხმაურება და პროტესტი ახლდა თან. რუსული შურისძიების ბოლო, ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, წინა წელს დიდ ბრიტანეთში მოხდა. სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნერვულ-პარალეპტიკური გაზით მოწამვლას რუსეთზე დაკისრებული სანქციები და სხვადასხვა სახელმწიფოდან 100-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევება მოჰყვა.

გერმანიაში ხანგოშვილის მკვლელობიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა. რუსეთის პირდაპირი ჩართულობის მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, თუმცა საქმეს გერმანიაში საკმარისი ყურადღება არ ექცევა. 

ჩეჩნეთის მეორე ომის ვეტერანი ხანგოშვილი გერმანიაში საცხოვრებლად, დაახლოებით, ორი წლის წინ  გადავიდა. თბილისში გადატანილი თავდასხმისა და ქართული სახელმწიფოს უმოქმედობის შემდეგ, ხანგოშვილი გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. თუმცა, რუსეთის მიერ დევნილი ყოფილი მებრძოლი იქაც დაუცველი დარჩა.

ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილი 1979 წელს პანკისის რაიონის სოფელ დუისში დაიბადა. 1990-იან წლებში ზელიმხანი უფროს ძმასთან, ზურაბთან, ჩეჩნეთში გაემგზავრდა. იქ პირველი ომის დაწყების შემდეგ ზელიმხანი ცოტა ხნით საქართველოში დაბრუნდა. იმ დროს, როცა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო ზელიმხანი უკვე ჩეჩენ მებრძოლთა რიგებს შეურთდა. 

ხანგოშვილი ერთ-ერთი საველე მეთაური იყო. სხვადასხვა ინფორმაციით, ის იჩქერიის მეორე პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა. მასხადოვის და ხანგოშვილს ახლო ურთიერთობას ადასტურებს ასლან მასხადოვის შვილი ანზორ მასხადოვიც. გავრცელებული ცნობებით, ჩეჩნეთის მეორე ომში ხანგოშვილი საშუალო რგოლის მეთაური იყო და 60-კაციან რაზმს ხელმძღვანელობდა. 

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, ასლან მასხადოვთან ერთად

რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთის კამპანიის ძალადობრივი ჩახშობის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ხანგოშვილი ქვეყანაში რამდენიმე ჭრილობით და ინტერპოლით ძებნილის სტატუსით დაბრუნდა. ხანგოშვილის საქართველოში დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. რუსეთი მას ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებდა, სწორედ ეს გახდა ინტერპოლით ძებნის მიზეზიც. 

ხანგოშვილის კავშირი ჩეჩენი ტერორისტების მიერ ორგანიზებულ რომელიმე ტერაქტთან არცერთ ეტაპზე არ დადასტურებულა. დროთა განმავლობაში ხანგოშვილზე ინტერპოლით გამოცხადებული ძებნაც გაუქმდა. მისი ნაცნობების თქმით, იგი ასევე შორს იყო ექსტრემისტული ისლამისგან. 

მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ხანგოშვილი ბიზნესს საქმიანობას ეწეოდა. მასზე ნადირობა რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოშიც გააგრძელეს. საქართველოს  ანტი-ტერორისტული ცენტრის მაშინდელი უფროსის, ზურაბ მაისურაძის New York Times-ისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ რუსული სპეცსამსახურები ხანგოშვილის ნეიტრალიზაციას პირველად 2006 წელს შეეცადნენ. 

მაისურაძის თქმით, 2006 წელს ქართულმა სპესამსახურებმა ეთნიკურად ჩეჩენი, ხანგოშვილის ნაცნობი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოში მის მოსაკლავად სწორედ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა გამოაგზავნეს.  მაისურაძე ასევე ამბობს, რომ მათ მიერ დაკავებული პირი სასჯელს რუსეთის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა და საპყრობილიდან სწორედ ხანგოშვილს ლიკვიდაციის მიზნით გაათავისუფლეს.

 ხანგოშვილის სახელი კიდევ ერთხელ გაისმა 2008 წლის გაზაფხულზე.  მაშინ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულთა შორის იყო რამზან თურქოშვილიც. რუსეთის სპეცსამხურების ცნობით, რუსეთის მოქალაქე თურქოშვილი მჭიდრო კავშირში იყო პანკისში მოქმედ ბოევიკთა ჯგუფთან, რომლის მეთაურადაც რუსები სწორედ, ხანგოშვილი ასახელებდნენ.

რამდენიმე წყარო ასევე ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთს სამხედრო აგრესიის პერიოდში ხანგოშვილმა რამდენიმე ათეული პანკისელი შეკრიბა და მზად იყო, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართულიყო, თუმცა, საბოლოოდ ამის საჭიროება აღარ იყო.

საქართველოში ხანგოშვილმა ახალი პასპორტი მიიღო. თბილისში იგი თორნიკე ქავთარაშვილის სახელით და გვარით ცხოვრობდა. ცნობილია, რომ საქართველოში ცხოვრების პერიოდში იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ანტი-ტერორისტულ ცენტრთან. ინფორმაცია ტაბულას საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გივი თარგამაძემ, დაუდასტურა.

ამ თანამშრომლობის ყველაზე გახმაურებელი შემთხვევა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო. მაშინ ლოპოტას ხეობაში დაბანაკებულ ჩეჩენ ამბოხებულებთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მედიატორად სწორედ ზელიმხან ხანგოშვილი მოგვევლინა. 

არსებული ინფორმაციით, ხანგოშვილთან ერთად მედიატორის როლს, აჰმედ ჩატაევიც ასრულდებდა. მოგვიანებით, ჩატაევი ამბოხებულების მხარეს აღმოჩნდა. საბოლოოდ სპეცოპერაციის მსველობისას სამი სპეცრაზმელი და ხუთი ამბოხებული დაიღუპა. მძიმედ დაიჭრა აჰმედ ჩატაევიც. 

როგორც გივი თარგამაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, მოლაპარაკებებში ჩატაევის ჩართვის ინიციატივა სწორედ ხანგოშვილისგან მოდიოდა. თარგამაძის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილმა დატყვევებული პირების გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საცხოვრებელი გარემო ხანგოშვილისთვის ძირეულად შეიცვალა. 2015 წლის 28 მაისს, თბილისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის მოედანზე ხანგოშვილს უცნობი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ის ხელისა და მხრის არეში  მძიმედ დაიჭრა. საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, სადაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

2015 წელს ჟვანიას მოედანზე მომხდარი თავდასხმიდან მალევე გავრცელდა მოსაზრება, რომ თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება სთხოვა, თუმცა, თხოვნაზე უარი მიიღო. გარდაცვლილის ძმის თქმით, ხანგოშვილმა იარაღის ტარების უფლება მოითხოვა, თუმცა პროკურატურაში ამაზეც უარი უთხრეს. 

ზელიმხან ხანგოშვილი თბილისში მომხდარი თავდასხმის შემდეგ

თავდასხმაზე გამოძიება ოთხი წელია, მიმდინარეობს, თუმცა, საგამოძიებო უწყებას აქამდე ეჭვმიტანილიც არ დაუსახელებია. 

ზურაბ ხანგოშვილის მტკიცებით, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არა მხოლოდ არ ჩაუტარებიათ საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები, არამედ ხელიც შეუშალეს მართლმსაჯულებას და მტკიცებულებები გაანადგურეს. ამის მიზეზად ხანგოშვილი საქართველოს ხელისუფლების სურვილს ასახელებს, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ გაეფუჭებინათ. 

უმოქმედობისა და არაფექტური გამოძიების გამო პროკურატურას აკრიტიკებდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

თავდასხმის და უსაფრთხოების გარანტიების ვერმიღების შემდეგ, იმავე წელს ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი გერმანიაში თავშესაფრის საძიებლად გაემგზავრა. ხანგოშვილმა თავშესაფარი ბერლინში ითხოვა. თავშესაფარის თხოვნაზე ხანგოშვილს უარი უთხრეს, თუმცა მკვლელობის მომენტში ხანგოშვილს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებული ჰქონდა.  მიუხედავად უარისა, გასაჩივრებისას, გერმანული კანონმდებლობით, ხანგოშვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გერმანიის სახელმწიფო იყო.

ვინ მოკლა ზელიმხან ხანგოშვილი?

რუსული საგამოძიებო მედია პლატფორმის, Insider-ისა და ბრიტანული Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი გერმანიაში რუსეთის ფედერაციის პასპორტით ჩავიდა. პასპორტი ვადიმ სოკოლოვის სახელზეა გაცემული. პასპორტი სოკოლოვმა 19 ივლისს, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მიიღო. მისი მიღებიდან 10 დღის შემდეგ სოკოლოვმა საფრანგეთის ვიზა მოითხოვა, რომელიც იმ დღესვე მისცეს და 31 ივლისს საფრანგეთში გაემგზავრა.

სოკოლოვის პასპორტი არ არის რეგისტრირებული რუსეთის სახელმწიფოს არცერთ მონაცემთა ბაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეცსამსახურების ხელშეწყობის გარეშე ის რუსეთის საზღვრებს ვერ დატოვებდა. ასევე, უცნობია, როგორ მიიღო სოკოლოვმა საფრანგეთის ვიზა უმოკლეს დროში. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ანკეტაში არარსებული მისამართი მიუთითა.

პარიზიდან სოკოლოვი, სავარაუდოდ, პოლონეთში გადაფრინდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი მისცეს. ასევე, ვარაუდობენ, რომ მკვლელი ბერლინში ავტომობილით ჩავიდა, რადგანაც მისი სახელი იმ პერიოდში განხორციელებულ არც ერთ ავიარეისზე არ არის რეგისტრირებული. ბერლინში ჩასვლიდან მალევე სოკოლოვი ელექტროველოსიპედით აედევნა ხანგოშვილს. მკვლელმა ხანგოშვილის სამჯერ ესროლა, მათ შორის, ორჯერ თავში. ამის შემდეგ სოკოლოვმა ველოსიპედი, მკვლელობის იარაღი, პისტოლეტი Glock-ი და პარიკი მდინარეში მოისროლა. ეს პროცესი იქვე მყოფმა ორმა თინეიჯერმა დაინახა და პოლიციას შეატყობინა. აქედან რამდენიმე წუთში სოკოლოვი დააპატიმრეს. 

New York Times-ის ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობიდან მალევე გამოძიებამ ანონიმური წერილი მიიღო. წყარო იტყობინებოდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებული პირი, რომელსაც ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა, სინამდვილეში რუსეთის მილიციის ყოფილი მაიორი, ვლადიმერ სტეპანოვია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სტეპანოვს რუსი ბიზნესმენის ელენა ნეშერეტის მკვლელობისთვის 2005 წელს 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ის ამ დროისთვისაც ციხეში უნდა იმყოფებოდეს. როგორც ირკვევა, ვადაზე ადრე სტეპანოვი სწორედ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზნით გაათავისუფლეს. 

New York Times-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ მილიციელი სტეპანოვი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობდა. ელენა ნეშერეტის მკვლელობის სასამართლო საქმეების ჩანაწერებში წერია, რომ სახლიდან გამოსულ ბიზნესმენს სტეპანოვმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. რაც შეეხება მკვლელობის იარაღს, ეს დანა სტეპანოვმა ჩეჩნეთის ომში მონაწილეობისთვის ჯილდოდ მიიღო. 

რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა უპასუხოდ დატოვეს გამოცემის კითხვა არის თუ არა ბერლინში დაპატიმრებული პირი მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი მილიციელი. მათ გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. 

ამავდროულად გამოცემამ მოიპოვა სტეპანოვის ფოტო სასამართლო დარბაზიდან. მოპოვებული ფოტო ბერლინის პოლიციის მიერ გავრცელებულ ბრალდებულის ფოტოს შეადარეს. ჟურნალისტებმა ამ ორი ფოტოს ერთმანეთთან შედარება იმ ევროპელ ექსპერტებს თხოვეს, რომელიც ამ სფეროში სპეციალიზდებიან. სპეციალისტების ცნობით, 90%-იანი სიზუსტით, ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია აღბეჭდილი. 


ფოტო: bellingcat

გამოცემა დაუკავშირდა ბერლინის პოლიციასაც, სამართალდამცავების თქმით, წყაროს ინფორმაცია გადასამოწმებელია, ბრალდებულის ნამდვილი ვინაობა კი - ჯერაც გაურკვეველი. გამოძიება ასევე არ გამორიცხავს, რომ წერილი კვალის არევის მიზნით იქნა გამოგზავნილი.

გერმანიაში რუსეთის საელჩოს პრესსამსახურის გენადი ქსენოფონტოვის ცნობით, დაკავებულმა  რუსეთის მოქალაქეობის შესახებ განაცხადა და რუსეთის საელჩოსთან დაკავშირება ითხოვა. შემთხვევიდან მალევე, ბერლინის პოლიციამ მკვლელობა შეკვეთილად გამოაცხადა. ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. 

რუსეთის ჩართულობის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განცხადება გერმანული მხრიდან არ გაკეთებულა. იქაური პროკურატურის ცნობით, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დანაშაულის მოტივზე და დამკვეთებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ. 

ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კატეგორიულად უარყო რუსეთის სახელმწიფოს ნებისმიერი კავშირი მომხდარ მკვლელობასთან. მიუხედავად ამისა, ეჭვმიტანილ სოკოლოვის პასპორტის ისტორია ძალიან ჰგავს სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილი პირების ისტორიას. სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებული ანატოლი ჩეპიგა და სერგეი მიშკინი ბრიტანეთში ყალბი პასპორტებით და გამოგონილი ვინაობით ჩავიდნენ. Bellingcat-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე მათგანი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელია.

ხანგოშვილის მკვლელობა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი ჩეჩენი სამხედრო ლიდერების განადგურებაში რუსეთის კვალი ჩანს. ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაქცეული ჩეჩენი სამხედრო ლიდერები მოკლეს ავსტრიაში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში. რუსეთის სპესამსახურების მსხვერპლი გახდა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, ზელიმხან იანდარბიევიც. ის რუსმა ჯაშუშებმა ყატარში 2004 წლის 13 თებერვალს საკუთარ ავტომობილში მცირეწლოვან შვილთან ერთად ააფეთქეს. ორი ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს. მათ ადგილობრივ ციხეში რამდენიმე წელი გაატარეს, თუმცა, საბოლოოდ მათი რუსეთში ექსტრადიცია გადაწყდა. რუსეთში მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ კითხვები არ არსებობდა. 

შურისძიების მსხვერპლი გახდა კიდევ ერთი ჩეჩენი უმარ ისრაილოვი, რომელმაც რამზან კადიროვი ადამიანების წამებაში დაადანაშაულა. ისრაილოვი 2009 წელს ვენაში მოკლეს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ მხარესთან. ამავდროულად საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე დუმილის არჩევენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. 

ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეჟიმის ათეულობით მოწინააღმდეგე მოკლეს. თითქმის ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ რუსეთს საკუთარი მოქმედებებისთვის პოლიტიკური საფასურის გადახდა უწევდა, უცნობია მოუწევს თუ არა ამ საფასურის გადახდა რუსეთს საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის გერმანიაში. საკუთარი მოქალაქის დასაცავად საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. მეტიც, ხელისუფლების უმოქმედობამ ხანგოშვილს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგა. 

კომენტარები