20 ივნისის აქციის დარბევა

"შერჩევითი სამართალი სირცხვილია!" - საქალაქო სასამართლოსთან 28 სექტემბერს აქცია გაიმართება

newstory.ge

ხვალ, 28 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან აქცია სახელწოდებით - "შერჩევითი სამართალი სირცხვილია!" გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, შეკრებილები 20 ივნისის ღამის დარბევის საქმეზე სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის, გათავისუფლებას გააპროტესტებენ, რომელიც დღეს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


"სპეცრაზმელი დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ ბრალდებულს 10 000 ლარიანი გირაო დააკისრა.სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

პარალელურად, ციხეში რჩებიან 20 ივნისის გავრილოვის პატიმრები. ადამიანები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ელოდებიან საბოლოო განაჩენს.

ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, თუმცა, მოსამართლემ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა ახალ გარემოებად და ისინი კვლავ რჩებიან პატიმრობაში. ლევან ჯიქური ვერ გადაადგილდება ეტლის გარეშე და პარალიზებული აქვს სხეულის ნახევარი", - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი, გირაოს სანაცვლოდ, დღეს, 27 სექტემბერს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო დააკისრა.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე იმერლიშვილმა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

კომენტარები