მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: [ყველაფერი] რასაც აკეთებს ბოკერია, არის ტრადიციების წინააღმდეგ, ანტიქრისტიანული

მთავარი არხი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიაზე საუბრის დროს ამბობს, რომ მასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს და ამის მაგალითად თავისი რელიგია მოჰყავს. ექსპრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ჯვარს ატარებს და მართლმადიდებელია.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. გადაცემის წამყვანებმა მას ევროპულ საქართველოზე ჰკითხეს.

"აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც - ვატარებ ჯვარს და... ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან", - თქვა სააკაშვილმა.

მას სთხოვეს დაეზუსტებინა, როდის გააკეთა ეს გიგა ბოკერიამ და რა ფორმით, რაზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს:

"​ყოველთვის, მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების...". - ამბობს სააკაშვილი.

მას ასევე ჰკითხეს, როდის ხდებოდა "ეს" და იყო თუ არა მისი ხელისუფლების დროს, რაზეც ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ მათ შორის, ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ მიხეილ სააკაშვილს კვლავ ჰკითხა, მოეყვანა ერთი მაგალითი, რომელ ფასეულობთან დისტანცირება მოახდინა გიგა ბოკერიამ. რესპოდენტის პასუხი ასეთია:

"[ყველაფერი] რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის პრინციპში ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია".

ჟურნალისტმა სააკაშვილს შეახსენა, რომ გიგა ბოკერიას მიმართ მსგავსი ბრალდებები აქვს "ქართულ მარშს", ირმა ინაშვილს, ყველა ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალას და მეტიც, იგივე ბრალდებები აქვთ მის მიმართაც. ეკა კვესიტაძემ ექსპრეზიდენტს უთხრა, რომ ზუსტად იგივე პრეტენზიით საუბრობს ყოფილი თანამებრძოლების შესახებ და საჭიროა მაგალითი, რომელიც ამტკიცებს "ამ ძალიან უცნაურ პრეტენზიას".

"ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი... ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის", - თქვა სააკაშვილმა.

საპასუხოდ, ნიკას გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ მისი განცხადება უცნაურია და პირველად ესმის მისგან "ასეთი ტიპის პოპულისტური ტექსტი".

"მოიცა, რას ნიშნავს პოპულისტური. დასავლეთი დგას ტრადიციულ ფასეულობებზე, დასავლეთი დგას ოჯახურ ფასეულობებზე, ტრადიციულ ფასეულობებზე, რელიგიურ ფასეულობებზე...", - თქვა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპულ საქართველოში არის ბევრი კარგი და ნორმალური ადამიანი, რომლებთანაც ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს კარგად ითანამშრომლა, "თუმცა ჯობდა ბაქრაძეს საერთოდ არ დაეყენებინა კანდიდატურა და ვაშაძე უკვე პრეზიდენტი იქნებოდა". სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას.

ნიკას გვარამიამ ექსპრეზიდენტს ჰკითხა განიხილავს თუ არა გიგა ბოკერიასთან თანამშრომლბას და თუ არა, "რანაირად უნდა გაყოს პარტია".

"ერთმა ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ მომხდარიყო გაუცხოება ბევრი ჩვენი მოქალაქის იმისგან, რაც ჩვენ გვჯერა, მაგრამ ესენი ასხივებდნენ სრულიად საწინააღმდეგო რაღაცას. ეს არის ფაქტი და მოდით ახლა, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი", - ამბობს სააკაშვილი და დასძენს, რომ ეს არის ფუნდამენტური პოლიტიკური სხვაობა.

ნიკა გვარამიამ მას ჰკითხა, თუ ეს ასეა, რატომ ხდებოდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო და რატომ აძლევდა ამის შესაძლებლობას. სააკაშვილმა უპასუხა:

"შეცდომები ვის არ აქვს დაშვებული, კაცო".

გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილს ასევე ჰკითხა, აპირებს თუ არა ივანიშვილის წინააღმდეგ გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობას.

"რა პრობლემაა კაცო", - დასძინა მან.

ამ თემაზე საუბრის ბოლოს, ეკა კვესიტაძემ მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა თანამშრომლობას ირმა ინაშვილთან, რადგან მასაც მსგავსი პრეტენზიები აქვს გიგა ბოკერიასთან.

"ინაშვილი არის ჩვეულებრივი რუსული პროექტი და არაფერი კავშირი არ აქვს არც ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებთან. რანაირად შეიძლება ქართული ტრადიციული ფასეულობა იყოს ღალატი, ივანიშვილი და პატრიოტთა ე.წ. ალიანსი არის ჩვეულებრივი მოღალატეების ჯგუფი, მეხუთე კოლონა. ქართული ფასეულობები არის შინდისის გმირის ფასეულობები, გიორგი ანწუხელიძის ფასეულობები", - თქვა ექსპრეზიდენტმა.

კომენტარები