მეჩეთის მშენებლობა ბათუმში

TDI ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე: მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დავა არსებითად უნდა გადაეწყვიტა

TDI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელმაც დღეს დაადგინა, რომ ბათუმის მერიის მიერ მუსლიმი თემისთვის მშენებლობაზე უარის თქმა დისკრიმინაციული იყო. 

მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში EMC-ისთან ერთად, სწორედ TDI იცავდა. 

"უთანასწორო მოპყრობას საფუძვლად უდევს ფაქტი, რომ იგივე საცხოვრებელ ზონაში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა აშენებული, მათ შორის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მერიის მიდგომა ორი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მიმართ უთანასწოროა," - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

თუმცა, ამავდროულად TDI ეხმაურება მოსარჩელე მხარის ერთი ნაწილის, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის არდაკმაყოფილებასაც. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს მოთხოვნაც უნდა დაეკმაყოფილებინა. 

"ამავდროულად მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში სასამართლოს დავა არსებითად უნდა გადაეწყვიტა, სრულად დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა და ბათუმის მერიისთვის პირდაპირ დაევალებინა მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა,"- წერია განცხადებაში. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ გადაწყვეტილება 30 სექტემბერს გამოაცხადა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ მერიის გადაწყვეტილებაში, უარი ეთქვა მუსლიმი თემისთვის ახალი მეჩეთის მშენებლობაზე, დისკრიმინაცია დაადგინა, ბათილად ცნო იგი და საქმე ბათუმის მერიას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიამ ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე ხელახლა უნდა იმსჯელოს. 

მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად წლებია იბრძვის. თემმა სასამართლოს სარჩელით 2017 წელს მიმართა, სადაც მათ ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა. 

სარჩელის ძირითადი მოთხოვნა იყო, სასამართლოს ბათილად ეცნო ბათუმის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. მოსარჩელეს სურდა, სასამართლოს მუნიციპალიტეტისათვის ნებართვის გაცემა დაევალებინა და დაედგინა, რომ მუსლიმთა მიმართ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.  

კომენტარები