ევროპული საქართველო

უგულავა: ის, რაც სააკაშვილმა ბოკერიაზე თქვა, იყო ფარისევლობა და სირცხვილი

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებს გამოეხმაურა, რომელმაც გიგა ბოკერია "ტრადიციებთან მებრძოლად და ანტიქრისტიანად" შერაცხა. 

უგულავას თქმით, მას რცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც იყო ვარდების რევოლუციის ერთერთი შემოქმედი და რომელმაც, როგორც პრეზიდენტმა, ქვეყანაში ბევრი რამ გააკეთა "ასეთ მარაზმამდე დაეცა". 

"მე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელი და არცთუ ისე უკანასკნელ რიგებში, შემიძლია, გადაუჭარბებლად საზოგადოებას ვუთხრა, რომ გუშინ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა. ეს იყო სრული სიცრუე. არასდროს მას არავინ არ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით მაგალითად წინააღმდეგები, როდესაც პოლიტიკური გასაჭირი იყო და შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. დიახ, ასეთ დროს ჩვენ ვიყავით წინააღმდეგები," - ამბობს უგულავა. 

პოლიტიკოსის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს დღეს რელიგია ესმის ისე, როგორც თავზე ნაცრის დაყრა და ქართული სახელმწიფოს სეკულარიზმის უარყოფა, მაშინ ის არაფრით განსხვავდება ლევან ვასაძისგან. 

"სხვათა შორის, ნიშანდობლივია და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ბოლო 3 თვეში ვნახეთ საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების 3 შემთხვევა:

პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე ჯვრით მომავალი ხელში. ფარისევლობა ნომერი ერთი. 

მეორე, ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალსა და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა, ისე დაიარებოდა ქუჩაში. ფარისევლობა და მავნებლობა ნომერი ორი. 

და გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახებლად. ფარისევლობა ნომერი სამი,"- ამბობს უგულავა. 

უგულავამ მიხეილ სააკაშვილს სავლეს პავლედ გადაქცევის ისტორია შეახსენა:

"ეს ყველაფერი ნამდვილად სამარცხვინოა და მე მინდა, მას შევახსენო. მას, როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება, აეხილოს თვალი, დაინახოს ღვთის სხივი, წვიმა ეგონოს ზეციური მანანა, ეს შეიძლება მოხდეს ნამდვილად, ეს არ არის პრობლემა, უბრალოდ, მე მინდა, მას შევახსენო, რომ სავლე ნამდვილად გახდა პავლე, უბრალოდ, პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა - სავლეს უარყოფა. და იქამდე ნუ მივა მიხეილ სააკაშვილი, რომ თავისი თავის უარყოფა მოახდინოს".

უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბევრი დამსახურება ჰქონდა, რასაც როგორც სახარებაშია ნათქვამი, როგორც მარგალიტებს, ისე აბნევს და ლევან ვასაძისა და ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის ამარად რჩება. 

გიგი უგულავას თქმით, ის, რაც მან ეთერში იხილა სწორედ ქრისტიანული წესის აბუჩად აგდება იყო. 

"ეს არის ძალიან სამწუხარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრი ამომრჩეველი, პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც უნდათ თავისუფალი ქვეყანა, რომლებსაც უნდათ ქვეყანა, სადაც ერთმანეთისგან დაშორიშორებული და გამიჯნულია რელიგია, პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება, ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ რელიგიური პოპულიზმი, არ მოსწონთ აბუჩად აგდება ყველა ქრისტიანული წესის იმიტომ, რომ ჩემთვის სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იყო ქრისტიანული წესის აბუჩად აგდება. შევახსენებ ბატონ მიხეილს, მესამე მცნება ამბობს ცალსახად: არა მოიხსენიო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა. ამიტომ, გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ, იყო სამარცხვინო ფარისევლობა და იმედი მაქვს, რომ მსგავს რაღაცას აღარ ვიხილავთ,"- ამბობს უგულავა. 

29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა თქვა, რომ მასა და გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად "მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია", ხოლო ბოკერია კი "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" მოიხსენია. სააკაშვილი ამ გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნინო ლაპიაშვილმა, ენმ-ის გუნდი და პოლიტსაბჭო დატოვა. 

კომენტარები