მეჩეთის მშენებლობა ბათუმში

ბათუმის მერი მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილებაზე: დისკრიმინაციის ნაწილში გავასაჩივრებთ

Facebook: ლაშა კომახიძე / Lasha Komakhidze

ბათუმის მერია აპირებს გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, მუსლიმი თემისთვის ახალი მეჩეთის აშენებაზე უარის თქმის შესახებ, დისკრიმინაციულად მიიჩნია. 

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას, მინიმუმ, დისკრიმინაციის ნაწილში გაასაჩივრებენ, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ჯერ იმსჯელებენ. 

"ძალიან მნიშვნელოვანია სამოტივაციო ნაწილი ამ გადაწყვეტილების, თუ რატომ იქნა დისკრიმინაციულად ცნობილი ეს ფაქტი. ახლავე შემიძლია, გითხრათ, რომ დისკრიმინაციის ნაწილში გავასაჩივრებთ, დანარჩენ ნაწილზე კი, ვიმსჯელებთ. მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება საბოლოოდ სასამართლო," - ამბობს კომახიძე. 

ბათუმის მერი ამბობს, რომ მათ მუსლიმ თემთან მოლაპარაკებების მცდელობები ჰქონდათ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ გადაწყვეტილება 30 სექტემბერს გამოაცხადა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ მერიის გადაწყვეტილებაში, უარი ეთქვა მუსლიმი თემისთვის ახალი მეჩეთის მშენებლობაზე, დისკრიმინაცია დაადგინა, ბათილად ცნო იგი და საქმე ბათუმის მერიას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერიამ ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე ხელახლა უნდა იმსჯელოს. 

მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად წლებია იბრძვის. თემმა სასამართლოს სარჩელით 2017 წელს მიმართა, სადაც მათ ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა. 

სარჩელის ძირითადი მოთხოვნა იყო, სასამართლოს ბათილად ეცნო ბათუმის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. მოსარჩელეს სურდა, სასამართლოს მუნიციპალიტეტისათვის ნებართვის გაცემა დაევალებინა და დაედგინა, რომ მუსლიმთა მიმართ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.  

კომენტარები