ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პოლიციელმა დემონსტრანტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა [Video]

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი დემონსტრანტს ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან მკერდში ესვრის.

CNN-ის მიხედვით პოლიციაში წყარომ დაუდასტურა, რომ კაცს პოლიციამ ესროლა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა დაშავდა კიდევ 15 ადამიანი.

ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის დამყარებიდან 70 წლისთავზე ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გრძელდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ რათა წლისთავზე კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მათი სწრაფვა დემოკრატიისადმი.

მიუხედავად უსაფრთხოების ზომების გაზრდისა ქალაქის ქუჩებში კვლავ ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ გზები გადაკეტეს. მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება. მომიტინგეებმა სამთავრობო შენობებთან მოტოლოვის კოქტეილები ისროლეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციის თქმით 5 ადამიანი დააკავეს.

ანტისამთავრობო პროტესტის გამო ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა პირველ ოქტომბერს ტრადიციული ფეიერვერკის შოუ გადადო. ის ამჟამად პეკინში იმყოფება და საზეიმო ღონისძიებებს ესწრება.

პეკინში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა. მან ჩინეთის მშვიდობიან განვითარებაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ ჩინეთმა უნდა შეინარჩუნოს კეთილდღეობა და სტაბილურობა ჰონგ-კონგსა და მაკაოში, ხელი შეუწყოს ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას თვითმმართველ ტაივანთან და ამასთანავე იბრძოლოს სრული გაერთიანებისათვის.

ჩინეთის დიქტატურა დაგმო ტაივანმა. ტაივანის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი სამხედრო ექსპანსიისათვის მიზეზს ეძებს და საფრთხეს წარმოადგენს. ისინი აღლუმზე სი ძინპინის გამოსვლას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ტაივანი არასოდეს დათანხმდება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მოდელს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა..

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები