თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

EMC: სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩლიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: reginfo,ge

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩლიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 

სარჩელი უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მოამზადა. EMC-ის ეცნობა, რომ ევროპულმა სასამართლომ 23 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადის მთავრობასთან კომუნიკაციის თაობაზე.

ორგანიზაციის ცნობით, "ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო, რაც, მათ შორის, ამ საქმეზე უფლების დარღვევის სიმძიმეს და კონვენციისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ ხარისხსა და მნიშვნელობას უკავშირდება.   

მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

კერძოდ, განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს. ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს ეძლევათ 12 კვირის ვადა მეგობრული მორიგების შესაძლო პირობებზე შესათანხმებლად. ხოლო, თუ მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგა, მთავრობა ვალდებულია დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგინოს თავისი მოსაზრებები განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით". 

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები