უკრაინა - რუსეთი

"არა კაპიტულაციას" - უკრაინაში "შტაინმაიერის ფორმულაზე" ზელენსკის განცხადებას აპროტესტებენ

0 კომენტარი
ფოტო: @kyiv_ukrop/Twitter

კიევში მაიდანზე უკრაინელები "შტაინმაიერის ფორმულაზე" პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ.

"არა კაპიტულაციას! დიდება უკრაინას!" - სკანდირებენ მომიტინგეები.

მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე გაგრძელდა შეძახილებით "ვოვა, გამოდი".

აქცია მიმდინარეობს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში.

უკრაინაში საპროტესტო აქციები გუშინ საღამოს დაიწყო.

უკრაინის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულის" მიღებაზე, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

შეთანხმების მიხედვით, არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თვითმმართველობის სპეციალური სტატუსი ექნება. არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით უკრაინის საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს და მას ეუთო დააკვირდება. იმ შემთხვევაში, თუ ეუთო დაასკვნის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რეგიონს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით არჩევნების ჩატარების მთავარი პირობაა ტერიტორიიდან რუსული ძალების და რუსების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების გასვლა.

"არჩევნები იარაღის მუქარით არ ჩატარდება. თუ იქ მებრძოლები იქნებიან, არჩევნები არ იქნება." თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია რას მოიცავს რეგიონის თვითმმართველობის სტატუსი, თუმცა თქვა, რომ უნდა მომზადდეს ახალი კანონი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სპეციალური სტატუსის შესახებ, რომელიც "შტაინმაიერის ფორმულის" პირობებს მოიცავს.

გარდა ამისა მინსკში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ პატიმრების მორიგ გაცვლაზე. ზელენსკიმ ისაუბრა ოკუპირებულ დონეცკში დაკავებულ უკრაინელ ჟურნალისტ სტანისლავ ასაიევზე, რომელიც უკვე 2 წელია დაკავებულია.

ზელენსკის მიხედვით ჯგუფი შეთანხმდა ფრონტის ხაზიდან, კონკრეტულად კი ლუგანსკის ოლქის ზოლოტოეს და პეტროვოს სექტორებიდან შეიარაღების და სამხედროების გამოყვანაზე. ზელენსკიმ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტსაც უპასუხა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკრაინის ჯარის გასვლის შემდეგ მათი უსაფრთხოება დაცული არ იქნება:

"პირადად გაძლევთ გარანტიას, რომ დაგიცავთ და ჯარის გასვლას თქვენს უსაფრთხოებაზე გავლენა არ ექნება." თქვა მან.

ზელენსკის განცხადებას კიევში საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელზეც მისი გადადგომა მოითხოვეს.

ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულა" გერმანიის პრეზიდენტმა 2016 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას წამოაყენა. ფორმულის მიხედვით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით და ეუთოს ზედამხედველობით თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარებულიყო, რის შემდეგაც რეგიონი სპეციალურ სტატუსს მიიღებდა.

ზელენსკი ფორმულის განხილვას სექტემბერში ნორმადიის ოთხეულის შეხვედრაზე გეგმავდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ზელენსკის თქმით შტაინმაიერის ფორმულა გზას უკაფავს ნორმადიის ფორმატის ჯგუფის შეხვედრას უკრაინის, გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებს შორის.

უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფში უკრაინის ყოფილმა წარმომადგენელმა რომან ბეზსმერტნიმ თქვა, რომ დოკუმენტზე, რომელიც ამ ფორმულით დონბასში არჩევნების ჩატარებას შეეხება, ხელის მოწერა დაუშვებელია. მისი თქმით ეს არჩევნები კრემლის სცენარით წარიმართება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალაუფლების დაკანონებას ემსახურება.

დოკუმენტს ხელი ნორმანდიის ფორმატის ქვეყნების ლიდერებმა უნდა მოაწერონ.

2 ოქტომბერს კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინის ნაბიჯი ოკუპირებულ დონბასში არჩევნების ჩატარებაზე ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულაზე" დათანხმება პოზიტიური ფაქტი იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები