რუსეთი-ჩინეთი

პუტინის თქმით რუსეთი ჩინეთს სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნაში ეხმარება

0 კომენტარი
სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი ფოტო: EPA

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი ჩინეთს ანტისარაკეტო სარადარო სისტემის შექმნაში ეხმარება, რომელიც ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებას გასცემს.

ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა.

"ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ჩინეთის თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის." თქვა მან.

ცივი ომის შემდეგ მსგავსი სისტემა მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს აქვთ. ის დედამიწის ზედაპირზე და სატალიტებზე რადარებისაგან შედგება და საშუალებას იძლევა გაშვებიდან მალევე დააფიქსირონ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები.

მიმდინარე კვირაში კომუნისტური პარტიის მმართველობის დამყარებიდან 70 წლისთავზე გამართულ აღლუმზე ჩინეთმა DF-17 სარაკეტო სისტემა წარმოადგინა. თეორიულად, ზებგერით რაკეტას მკვეთრი მანევრირება შეუძლია, რაც მისგან თავდაცვას ართულებს.

აგვისტოში ჩინეთმა და რუსეთმა აშშ გამალებული შეიარაღების წამოწყებაში დაადანაშაულეს, როდესაც 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების დატოვების შემდეგ აშშ-მა ახალი რაკეტა გამოსცადა.

აშშ-მა ხელშეკრულების დატოვების მიზეზად, გარდა რუსეთის მიერ პირობების დარღვევისა, ისიც დაასახელა, რომ ცივი ომის დროს ხელმოწერილი დოკუმენტი თანამედროვე გამოწვევებს არ პასუხობს. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ახალი შეთანხმების წევრები რუსეთის და აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნებიც უნდა გახდნენ, მათ შორის ჩინეთი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები