რუსთავი 2-ის საქმე

"მიზანი გვარამიას დაკავებაა" - პროკურატურაში ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა

0 კომენტარი

"ამ ყველაფრის მიზანი ნიკა გვარამიას დაკავებაა" - თქვა რუსთავი 2-ის ყოფილმა და მთავარი არხის მოქმედმა საინფორმაციოს ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ, პროკურატურის დატოვების შემდეგ. 

მელაძის თქმით, მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. 

"დავინტერესდი, რატომ უნდა მომეწერა ხელი გაუთქმელობაზე და მითხრეს, რომ ყველას მოაწერინეს, იმიტომ, რომ თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ამ საქმის მასალები დარჩენილიყო კონფიდენციალურად,"- ამბობს მელაძე. 

ჟურნალისტის თქმით, პროკურატურას მის მიმართ კითხვები რუსთავი 2-ის ყოფილი და მთავარი არხის მოქმედი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჰქონდათ. მელაძე ამბობს, რომ მას სულ რამდენიმე კითხვა დაუსვეს. 

"[კითხვები] ეხებოდა მათ შორის რა პრინციპით გასცემდა [ნიკა გვარამია] ადამიანებზე ბონუსებს და ვუპასუხე, რომ მარტივად, იმ პრინციპით, თუ ვინ რამდენი რეიტინგის აკუმულირებას ახდენდა არხისთვის,"- ამბობს მელაძე. 

ჟურნალისტის თქმით, დღევანდელი გამოკითხვიდანაც და ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან მას ერთადერთი განცდა დარჩა, რომ ამ ყველაფრის მიზანი ნიკა გვარამიას დაკავებაა და რაც შეიძლება მალე. 

"სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თუ დაიჭერენ ნიკას, შეჩერდება მთავარი არხის მაუწყებლობა. ეს ასე არ მოხდება. ნიკას ეს თავად აქვს ნათქვამი თავიდანვე. ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთის განმავლობაში არ გააჩერებენ მთავარის მაუწყებლობას და მთავარი კიდევ გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი,"- ამბობს მელაძე. 

ნოდარ მელაძე რუსთავი 2-ის ყოფილ და მთავარი არხის მოქმედ წამყვანთან, გიორგი გაბუნიასთან, ერთად გამოკითხვაზე 4 ოქტომბერს დაიბარეს. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ საქმე ეხება "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას".

3 ოქტომბერს ამავე საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ყოფილი და ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე და ჟურნალისტი, ზაალ უდუმაშვილი. საქმეზე გამოიკითხა ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, რუსთავი2-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. 

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

კონკრეტულად, საგამოძიებო უწყების ცნობით, გვარამიამ რუსთავი 2-ის სახელით ხელშეკრულება გააფორმა მისი მეგობრების კომპანიასთან "ინტერ მედია პლუსი" და მათ არხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მისცა. შეთანხმების მიხედვით, მოხმარებული სარეკლამო დროის მიუხედავად, "ინტერ მედია პლუსს" წინასწარ შეთანხმებული ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა. პროკურატურის მტკიცებით, მისი მეგობრებისთვის გამორჩენის მისაღებად, გვარამიამ კომპანიისგან განზრახ არ მოითხოვა ჯამში 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული თანხები საკუთარ ანგარიშზე შეეტანათ და არ გადაეხადათ რუსთავი 2-სთვის.

11 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა 80 000 ლარს ითხოვდა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. თუმცა 11 სექტემბერს facebook-ზე დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები