ილია ჯიშკარიანი

"მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც" - რას ყვება თამთა თოდაძე

0 კომენტარი

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრის, ილია ჯიშკარიანის აწ უკვე ყოფილმა თანაშემწემ, თამთა თოდაძემ მთავარ არხზე გადაცემა ღამის მთავარში სტუმრობისას მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. თოდაძე საკრებულოს დეპუტატს გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თოდაძის თქმით, ჯიშკარიანთან მუშაობა 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების დროს დაიწყო. ჯიშკარიანის გამარჯვების შემდეგ, კი მის ბიუროში საკრებულოს წარმომადგენლობის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. თოდაძის თქმით, იგი ჯიშკარიანის შვილთან ერთ ბაღში დადიოდა.

"2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე ბატონ ილია ჯიშკარიანს ვეხმარებოდი. მის შტაბში ერთ-ერთი აქტივის კოორდინატორი ვიყავი. გამარჯვების შემდეგ შემომთავაზა სამსახური. ვმუშაობდი უშუალოდ ჯიშკარიანთან საკრებულოს წარმომადგენლობის სპეციალისტად. არჩევნების შემდეგ, ჩემს ოჯახშიც არის ნამყოფი ორჯერ მეგობრული გარემოს შენარჩუნების მიზნით, ჩვენ მას მისი გამარჯვების აღსანიშნავად ვუმასპინძლეთ. ჯიშკარიანს 2017 წლამდე არ ვიცნობდი, უბრალოდ ვიცოდი ვინ იყო, გავიცანი არჩევნებზე, მალევე გაირკვა რომ მე და მისი შვილი ერთ ბაღში დავდიოდით."

თოდაძე ამბობს, რომ ყურადღების უსიამოვნო ნიშნებს დეპუტატი ადრეც იჩენდა.

"ამ შემთხვევამდეც ყოფილა რაღაც უსიამოვნო ნიშნები, ხშირად მეუბნებოდა მოდი ჩაგეხუტო, რასაც მე ვცდილობდი რო მეგობრულად მიმეღო, ამიტომაც მწვავე რეაქცია არ მქონია. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ეს ნიშანი იყო."

თამთა თოდაძის თქმით, შემთხვევა გასულ ორშაბათს, სამუშაო საათებში მოხდა.

"ჯიშკარიანი ოფისში დაახლოებით 12 ის ნახევრისთვის ნაბახუსევ მდგომარეობაში მოვიდა, მაგ დროისთვის ოფისში მარტო ვიყავი, ორშაბათი დღე იყო. მალევე თქვა, რომ ნაბახუსევზე ვარ, ძალიან ცუდად ვარო და სასმელის საყიდლად აპირებდა გასვლას, ამ დროს მკითხა კამპანიისთვის ერთ ჭიქას ხო მივუჭახუნებდი, ამის შემდეგ მოვიდა მისი ბიძაშვილის შვილი, ისიც ჩვენი თანამშრომელი, მამუკა გოგსაძე და ასევე მისი ბავშვობის მეგობარი ტოგო კარიაული. ყველა სვამდა მათ შორის მეც და ეს ჩვენებაშიც მაქვს მითითებული. "

თოდაძის თქმით, შემთხვევა დაახლოებით დღის ოთხ საათზე მაშინ მოხდა როცა ოფისში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ. 

"კარიაული და ფეიქრიშვილი რომ წავიდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ მეუბნებოდა მოდი ჩაგეხუტო და მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო მეგობრული ჩახუტება. ვცდილობდი დამეღწია თავი - ვეუბნებოდი, ბატონო ილია, რას შვებით გამიშვით ხელი, რაზეც მისი პასუხი იყო, რატომ არ გსიამოვნებს? ამ დროს დავინახე მობილური ტელეფონი, და მოვატყუე რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ეს რომ გაიგო ცდილობდა ტელეფონი წაერთვა. როგორც ჩანს, დაიჯერა რომ მართლა ვიღებდი. ამის შემდეგ მე გამეშვა და უშუალოდ ტელეფონზე გადაერთო, ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც, ამის შემდეგ რამდენჯერმე დააგდო ტელეფონი. შემდეგ მეუბნებოდა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის შენი ტელეფონი?"

თოდაძის თქმით, მას შემდეგ რაც ჯიშკარიანი ტელეფონზე გადაერთო, მან მოახერხა ოფისის შესასვლელ კარამდე მისვლა და ოფისიდან გამოსვლა.

"სახლში შევედი, ამ დროს ვიყავი აფექტის მდგომარეობაში, საკუთარი ხელით დავრეკე პოლიციაში იმდენად შოკში ვიყავი პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო. გამომძიებელმა გადამიღო ფოტოებიც, ამის შემდეგ დამალევინეს დამამშვიდებელი და ვეხვეწებოდი პოლიციას ჩადით და დააპატიმრეთ მეთქი, მაგრამ არავინ არ გაინძრა და მითხრეს, რომ მანქანა გავაგზავნეთო. მგონია, რომ მომატყუეს, რადგანაც ღამის სამ საათზე როცა ოფისში მივედით, ყველაფერი დალაგებული დაგვხვდა. თვითონ ამბავი მოხდა დაახლოებით დღის ოთხ საათზე. პატრული გამოვიძახე 16 საათსა და 44 წუთზე, თუ არ ვცდები."

თოდაძის ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა სხეულის დაზიანებებზე ჯერჯერობით არ არსებობს. დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე თამთა თოდაძე დედასთან ერთად მივიდა. 

თოდაძის დედის თქმით, ამოღებულია ოფისთან მდებარე ვიდეო კამერების მასალები. ამავდროულად, ოქროპირიძემ განაცხადა, რომ წინა დღეებში მათთან ამოსული იყო ჯიშკარიანის მეგობარი მამუკა ფეიქრიშვილი და მათ მორიგება შესთავაზა. 

რაც შეეხება ილია ჯიშკარიანის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იგი დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. 

თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი ჯერჯერობით არ მიუნეჭებიათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები