კრიმინალი

შსს: ორმა პოლიციელმა კაცი მოტყუებით გააჩერა და სხვა პირებს გადასცა, რომლებმაც ის მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის ორმა მოქმედმა და ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა 35 წლის კაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ჩაიყვანეს რუსთავში და სხვა პირებს გადასცეს, რომლებმაც კაცი მოკლეს.

"გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ.-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. მტკვრის ნაპირზე ჩაიყვანეს და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 5 პირი:

  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.
  • ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები - 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი - 1989 წელს დაბადებული დ.დ.,
  • ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

რაც შეეხება სხვა პირებს, შსს-ში ამბობენ, რომ განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები