ილია ჯიშკარიანი

რა გზები არსებობს საკრებულოს დეპუტატისთვის მანდატის ვადამდე შესაწყვეტად ან შესაჩერებლად?

Facebook/ ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani

თბილისის საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე ისნის მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ილია ჯიშკარიანისთვის პროკურატურას ამ დრომდე ბრალი არ წარუდგენია. პროკურატურას არც დაზარალებულის სტატუსი მიუნიჭებია თამთა თოდაძისთვის, რომელიც საგამოძიებო ორგანოში უკვე ორჯერ გამოკითხეს.

საზოგადოების ნაწილი ჯიშკარიანისთვის საკრებულოს დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითხოვს, ხოლო თბილისის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ჯიშკარიანმა მანდატი არ უნდა დატოვოს, რადგან მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს.

რა სამართლებრივი გზები არსებობს საკრებულოს დეპუტატისთვის მანდატის ვადამდე შესაწყვეტად ან შესაჩერებლად?

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლი დეპუტატისთვის მანდატის ვადამდე შესაწყვეტად რამდენიმე საფუძველს განსაზღვრავს, მათ შორისაა, უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა; მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა; სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გარდაცვლილად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა; საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობა; 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან გარდაცვალება.

43-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილებას გამოიტანს.

პირის მიმართ გამოძიების დაწყება ან ბრალის წაყენება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენელს ეხება, ვერც სპეციალური საბჭო ვერ იმსჯელებს, გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ილია ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ორად ორი საფუძველი არსებობს: ან თავად დატოვოს მანდატი ან სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. რაც შეეხება შეჩერებას, ამისთვის მას არა მხოლოდ ბრალი უნდა წარუდგინონ, არამედ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობაც უნდა შეუფარდოს.

კომენტარები