ფრენები რუსეთიდან

კანდელაკი: ფრენების აკრძალვამ ზიანი ვერ მოგვაყენა, რუსეთმა აღდგენაზე საუბარი ამიტომ დაიწყო

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბარი რუსულმა მხარემ იმიტომ დაიწყო, რომ გაუქმებამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა, რაც იმის დამსახურებაა, რომ ევროკავშირიდან ტურისტების ნაკადი გაიზარდა. კანდელაკის თქმითვე, ევროკავშირიდან ნაკადის სერიოზული ზრდა, დიდწილად, ქუთაისის აეროპორტის დამსახურებაა, რომელიც, თავის დროზე, ივანიშვილის პრემიერობის დროს, ქართულმა ოცნებამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა.

"მაგალითად, პოლონეთიდან ნაკადი გაიზარდა 23%-ით, გერმანიიდან 33%-ით, დიდი ბრიტანეთიდან 28%-ით, საფრანგეთიდან 27%-ით და ნიდერლანდებიდან 31%-ით. ასეთ სიტუაციაში, სრულიად გაუგებელი და გაუმართლებელია რომ მთავრობა კვლავ საუბრობს ფრენების სუბსიდირების შესახებ რუსეთიდან მაშინ როცა, მაგალითად, ერთი გერმანელი ტურისტი ერთ რუს ტურისტზე სამჯერ მეტ ფულს ხარჯავს. ამავე დროს, ბ-ნი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს, ეკონომიკის სამინისტრომ დახარჯა მილიონობით ლარი ტურიზმის რეკლამაზე რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე, რომლებიც საქართველოს გენოციდში ადანაშაულებდნენ," - ამბობს კანდელაკი.

კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობა მალავს ინფორმაციას, თუ რა თანხა დაიხარჯა ევროპის ქვეყნებში ტურიზმის რეკლამირებაზე, მაშინ როდესაც 2013-2018 წლებში რუსეთში ტურიზმის რეკლამირებაზე 13 მილიონი ლარი დაიიხარჯა. 

"ჩვენ ჯერ კიდევ 4 ივნისს გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ თუ რა თანხა დახარჯა საქართველოს ტურიზმის რეკლამაზე მთავრობამ სხვა ქვეყნებში. საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააკეთოს შედარება - მაშინ როცა ოკუპანტ ქვეყანაზე ჩვენს დამოკიდებულებაში, მათ შორის ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ, დაიხარჯა 13 მილიონი ლარი, რამდენი დაიხარჯა, მაგალითად, გერმანიაში. კანონის სრული დარღვევით, ეკონომიკის სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს," - ამბობს კანდელაკი. 

დეპუტატი ასევე ამბობს, რომ  ქუთაისის აეროპორტის გაფართოების სამუშაოებს ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს რის გამოც ახალი რეისები ვერ გაიხსნა, იმ ინტენსივობით რა ინტენსივობითაც დაგეგმილი იყო. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ზრდისა, ქუთაისის აეროპორტი ორი მილიონი მგზავრის დაგეგმილ სიმძლავრეს მნიშვნელოვნად ჩარმოჩება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს. საკითხზე ლავროვმა, კომერსანტთან ინტერვიუში 25 სექტემბერს ისაუბრა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები