საქართველო-რუსეთი

რუსეთის დუმა: საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს მომავალში აღდგეს

საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს მომავალში აღდგეს. ამაზე რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა, ისაუბრა. 

კალაშნიკოვის თქმით, წინა დღეებში საქართველოსა და რუსეთის საპარლამენტო ჯგუფების მეექვსე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა იყო. 

კალაშნიკოვის თქმით, ჯერჯერობით ადრეა საუბარი ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე, თუმცა, ეს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოხდეს. დუმის დეპუტატის ცნობით, რუსული მხარე საბოლოოდ და კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ ქართული აეროპორტები უსაფრთხოა. ასევე იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ. 

რუსულ გამოცემა RBC-სთან საუბარში კალაშნიკოვი ამბობს, რომ ბოლო დროს გამართული საპარლამენტო ჯგუფების და საგარეო საქმეთა მინისტრებისა შეხვედრები, ასევე ორი მხარის ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული აზრები ხელს შეუწყობს არამხოლოდ ფრენების აღდგენას, არამედ სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც. 

ქართულ საპარლამენტო ჯგუფში, რომელსაც კალაშნიკოვი ახსენებს, პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის წევრები შედიან. კალაშნიკოვის ინფორმაციით, ბოლო შეხვედრაზე ქართული მხარიდან გიორგი ლომიამ წარმოიდგინა მათ მიერ შესწავლილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. ამ კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის აღდგენას. კალაშნიკოვის თქმით, რუსეთის დუმა ყოველთვის დაუჭერს მხარს დიალოგის აღდგენას. 

კომენტარები