ბრექსიტი

ჯონსონისა და მერკელის სატელეფონო საუბარი ბრექსითზე შეთანხმების მიღწევას ეჭვქვეშ აყენებს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

ბრიტანეთის პრემიერმინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის ბრექსიტის შეთანხმების შესახებ ჯონსონის შემოთავაზებაზე სატელეფონო საუბარი შედგა. 

წყაროებზე დაყრდნობით BBC წერს, რომ მერკელის თქმით, ჯონსონის შემოთავაზებით შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდო იყო. გერმანიას სურს, რომ ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირში დარჩეს, ბრიტანეთი ამას ეწინააღმდეგება. 

დაუნინგ სტრიტიდან ერთერთი წყაროს ინფორმაციით, თუ ჩრდილოეთ ირლანდიაზე მერკელის პოზიცია ევროკავშირის პოზიციას წარმოადგენდა, მაშინ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო.  

მერკელის სპიკერმა თქვა, რომ მათი პირადი საუბრის დეტალებს არ გაასაჯაროებდა

ევროკომისიის სპიკერის თქმით, ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა - ევროკავშირის ბრიტანეთთან შეთანხმების მიღწევა კვლავ სურს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა: "ფსონი რაღაც სულელური დადანაშაულების თამაშის მოგებაზე არ დევს, არამედ ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მომავალზე, უსაფრთხოებასა და ჩვენი ხალხის ინტერესზე. შეთანხმება არ გსურს, გადავადება არ გსურს, არც გაუქმება, საით მიდიხარ?" 

ირლანდიის ვიცე პრემიერმა საიმონ კოვენეიმ დაწერა, რომ ბრექსიტის სამართლიანი შეთანხმების მიღწევა სურდა, თუმცა რთული იყო არ დათანხმებოდა ტუსკს.  

პრემიერმინისტრ ჯონსონის თქმით, 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებს.

გადამწყვეტი მოლაპარაკებები ჯონსონსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

ჯონსონს მიაჩნია, რომ ირლანდიის საზღვარზე გამშვები პუნქტების ასაცილებლად ტექნოლოგიების გამოყენების მისეული გეგმა ე.წ. "ბექსტოპის" პრობლემას გადაჭრის, თუმცა ევროკავშირი ბრიტანეთის მსგავსად კომპრომისებზე უნდა წავიდეს. ჯონსონი ირწმუნება, რომ პარლამენტარები ბრექსითის მის გეგმას მხარს დაუჭერენ.

სწორედ ირლანდიის საზღვარის საკითხი იქცა ყოფილი პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.

ჯონსონის შემოთავაზების მიხედვით ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირს 2021 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად დატოვებს, თუმცა, თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მხარს დაუჭერს, ისინი ევროკავშირის რეგულაციებს შეინარჩუნებენ სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებზე.

მსგავსი მოწყობა შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიამ ის ყოველ 4 წელიწადში ხელახლა უნდა დაადასტუროს.

საბაჟო შემოწმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული გახდება და სწორედ ასე მოხდება საბუთების შევსება და შემოწმება. ჯონსონის თქმით ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა როდენობის შემმოწმებელი პუნქტის არსებობა იქნება საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, უშუალოდ საზღვარზე არ იქნება განთავსებული და მისგან მოშორებით, ბიზნესების ტერიტორიაზე და მიწოდების ქსელის სხვა პუნქტებთან განთავსდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები