აშშ-სირია-თურქეთი

რას ნიშნავს დონალდ ტრამპის მიერ სირიიდან აშშ-ის ჯარის გამოყვანა რეგიონისათვის?

ქეთი ხუციშვილი
0 კომენტარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარის რეგიონიდან გამოყვანის თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად თურქეთი ამ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება, რათა ე.წ. უსაფრთხო ზონები შექმნას სირიელი მიგრანტების დასაბრუნებლად, ტრამპის გადაწყვეტილება თურქეთს მწვანე შუქს უნთებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა უკანასკნელ წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

ამერიკელი სამხედროების რეგიონიდან გამოსვლა სიტუაციას შეცვლის, რამაც არა მხოლოდ ტრამპის ოპონენტების, არამედ მისი ერთგული მხარდამჭერების აღშფოთებაც გამოიწვია.

რას ნიშნავს რეგიონისათვის აშშ-ის გასვლა, რა ბედი ეწევათ ქურთ მებრძოლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და რა შედეგებს მოიტანს რეგიონის ბედის თურქეთის, რუსეთისა და ირანისათვის მინდობა?

ფოტო: US Army

პირველი გამოცხადება

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარის გამოყვანა დააანონსა. გასული წლის 20 დეკემბერს მან საკუთარ ტვიტერზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვებაზე და ამერიკელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნებაზე ისაუბრა.

ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება დამარცხებული იყო და სირიაში დარჩენის საჭიროება აღარ არსებობდა. მან ისიც თქვა, რომ ტერორისტების ხელახლა გააქტიურების შემთხვევაში აშშ რეგიონში არსებული ბაზებიდან განახორციელებდა თავდასხმას.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ამერიკულ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 დეკემბერს დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიიდან ამერიკის ჯარების გაყვანის შესახებ ესაუბრა.

"კარგი, ის მთლიანად შენია. ჩვენ დავასრულეთ." უთხრა ტრამპმა ერდოღანს სატელეფონო საუბრისას.

წყაროების მიხედვით ერდოღანმა ტრამპს უთხრა, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო თითქმის დამარცხებულია, ხოლო რეგიონში აშშ-ის ყოფნა პრობლემებს იწვევს. მათი თქმით ერდოღანი ტრამპს დაჰპირდა, რომ თურქეთი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ბოლოს მოუღებს.

მაშინ ტრამპის გადაწყვეტილებას სენატორების კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის მისი აქტიური მხარდამჭერების და რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან.

მათ ტრამპს წერილი მისწერეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რომ აშშ-ის გამოსვლას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გაძლიერება და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ სირიელი ხალხის ჩაგვრის გაგრძელება მოჰყვებოდა:

წერილში სენატორები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად ტრამპის წარმოდგენებისა იმის შესახებ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებული იყო, ადგილზე სიტუაცია განსხვავდებოდა ამისაგან. მათ ასევე მიაჩნდათ, რომ გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნიდა არა მხოლოდ აშშ-ის უსაფრთხოებას, არამედ, გაათამამებდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს, ბაშარ ალ-ასადს, ირანს და რუსეთს.

ისინი ასევე საუბრობდნენ ქურთი მებრძოლებისათვის ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ლინდსი გრემი ფოტო: ლინდსი გრემი

"სირიიდან ამერიკის ძალების გამოყვანა გააძლიერებს აშშ-ის ორ მეტოქეს - ირანს და რუსეთს. როგორც იცით ირანმაც და რუსეთმაც გამოიყენა სირიის კონფლიქტი რეგიონში საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად. სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება შედეგად მოიტანს რეგიონში მათი გავლენების გავრცელებას და ჩვენი პატრნიორების და მოკავშირეების ნდობის შემცირებას. თქვენმა ადმინისტრაციამ წინა ადმინისტრაციის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს. მოგიწოდებთ ხელახლა განიხილოთ თქვენი შემოთავაზება სირიიდან აშშ-ის ძალების გაყვანის თაობაზე, რათა უზრუნველყოთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დაცვა."

წერილს ხელს აწერენ სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, ნიუ ჰემპშირის დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, აიოვას რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტი, მაინის შტატის დამოუკიდებელი სენატორი ანგუს კინგი, არკანზასის რესპუბლიკელი სენატორი ტომ კოტონი და ფლორიდის რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო.

გადაწყვეტილება გააკრიტიკეს აშშ-ის მოკავშირეებმაც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ არ იზიარებს ტრამპის პოზიციას, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო უკვე დაამარცხეს. ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი თქვა, რომ ისრაელი შეისწავლის ამ გადაწყვეტილებას და საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილებას დასანანი უწოდა და თქვა, რომ მოკავშირე სანდო უნდა იყოს და ხაზი გაუსვა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში სირიის დემოკრატიული ძალების წვლილს.

გადაწყვეტილების გამო თანამდებობა დატოვა აშშ-ის მაშინდელმა თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა.

თუმცა მალევე ტრამპმა თქვა, რომ ჯარების გამოყვანა ნელა მოხდებოდა (მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველ განცხადებაში მათ დაუყოვნებლივ გამოყვანაზე საუბრობდა) და პროცესში ისინი გააგრძელებდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ნარჩენებთან ბრძოლას.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სირიიდან ჯარების სრულად გამოყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ძალების მცირე ნაწილი დარჩებოდა, კონკრეტულად კი 200 კაციანი სამშვიდობო ჯგუფი.

მაშინდელი გადაწყვეტილებით 200-კაციანი ჯგუფის ნაწილი ერაყის და იორდანიის საზღვართან, ატ-ტანფის სამხედრო ბაზაზე იქნებოდა განთავსებული, ნაწილი კი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად.

გადაწყვეტილება მოიწონეს ტრამპისადმი მიწერილი წერილის ავტორებმა.

ფოტო: AP

მიუხედავად პროცესის შენელებისა, ტრამპს თავის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე ხელი არ აუღია და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების და მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების ფონზე ეს თემა კვლავ წამოწია.

მეორე გამოცხადება

ამერიკული ჯარების გამოყვანის შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხო ზონი შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამავე განცხადების მიხედვით აშშ არც მხარს უჭერს და არც მონაწილეობს თურქეთის ამ სამხედრო ოპერაციაში:

"თურქეთი მალე დაიწყებს ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალები მხარს არ დაუჭერენ და მონაწილეობას არ მიიღებენ ამ ოპერაციაში და აშშ-ის ძალები, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიული "ხალიფატის" დამარცხების შემდეგ ამ არეალში აღარ იქნებიან."

აქვე აღნიშნულია, რომ ამიერდიან ამ ტერიტორიაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში დაკავებულ ISIS-ის ტერორისტებზე პასუხისმგებლობა თურქეთს დაეკისრება, ვინაიდან საფრანგეთმა, გერმანიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა, საიდანაც ისინი სირიაში ჩავიდნენ, მათ მიღებაზე უარი თქვეს.

თეთრი სახლის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს მოჰყვა.

პრეზიდენტებმა სირიაში, ევფრატის აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონების შექმის საკითხი განიხილეს და მომავალ თვეს ვაშინგტონში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
დონლად ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მედიასთან თქვეს, რომ არეალში მყოფი 100-დან 150-მდე ამერიკელი სამხედრო თურქეთის ოპერაციის დაწყების შემთხვევაში რეგიონიდან გამოვა, თუმცა სირიას არ დატოვებენ. თვითმხილველების თქმით კი 7 ოქტომბერს აშშ-ის ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, თელ აბიადის და ეინ ეისას სადამკვირვებლო პოსტებიდან გამოსვლა უკვე დაიწყეს.

ოფიციალური პირები ვერ აკონკრეტებენ თურქეთის საზღვირდან რა მანძილზე დაიხევენ ამერიკელი სამხედროები და იქნება თუ არა ეს მათი სრულად გამოყვანის დასაწყისი. ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში 1,000-მდე ამერიკელი სამხედროა. ისინი ანტიტერორისტულ ოპერაციების სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად ახორციელებენ, რომელიც 60,000-მდე ქურთ და არაბ მებრძოლს ითვლის.

რეაქცია

სირიის დემოკრატიული ძალების სპიკერმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო: “აშშ-ის განცხადება ჩვენთვის მოულოდნელი იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სირიის დემოკრატიული ძალებისათვის ეს ზურგში დანის ჩარტყმაა.” ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია რეგიონში უსაფრთხოების დამყარების კუთხით მიღწეულ პროგრესს საფრთხეს შეუქმნის და ქურთულ ძალებს მოუწოდებს დაიცვან სამშობლო თურქული აგრესიისაგან. მათ მიაჩნიათ, რომ თურქეთთან ურთიერთობების განმუხტვის კუთხით საკუთარი ვალდებულებები შეასრულეს, თუმცა აშშ-ს პირობა არ შეუსრულებია.

ჩრდილოეთ ერაყში მოქმედმა ქურთულმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის დემოკრატიული ძალების ზოგიერთი დანაყოფი მზადყოფნაშია, რადგან თურქეთმა საზღვარზე ჯარების მობილიზაცია 7 ოქტომბერს დაიწყო.

თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა უკვე განახორციელა თავდასხმა სირია-ერაყის საზღვარზე, რათა ერაყიდან ქურთული ძალების გაძლიერებისათვის ხელი შეეშალა. დარტყმების მიზანს ერაყისა და სირიის დამაკავშირებელი იმ გზის დაბლოკვა წარმოადგენდა, რომელსაც ქურთი მებრძოლები იყენებენ.

ტრამპის გადაწყვეტილებას ხელახალი კრიტიკა მოჰყვა. რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც ჩვეულებრივ ტრამპის ღია მხარდამჭერია, ამჯერად თქვა, რომ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დაუკავშირდა და სენატში რეზოლუციას წარადგენს ჯარის გამოყვანის გადაწყვეყილების შესაჩერებლად.

"არასდროს არაა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში მოკავშირის მიტოვება, რომელიც ISIS-თან ბრძოლაში დაგვეხმარა. პრეზიდენტის ეს იმპულსური გადაწყვეტილება გააუქმებს ჩვენს ყველა მიღწევას და რეგიონში ქაოსს გამოიწვევს." თქვა მან.

მიტჩ მაკკონელი ფოტო: axios

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა კი თქვა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს, ირანს და ასადის რეჟიმს მოუტანს სარგებელს და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და სხვა ტერორისტული ჯგუფების ხელახლა შეკრებას შეუწყობს ხელს.

“მოვუწოდებ პრეზიდენტს გამოიყენოს ამერიკის ლიდერობა და შეინარჩუნოს მულტინაციონალური კოალიცია ე.წ. ისლამური სახლემწიფოს დასამარცხებლად და ნატოს მოკავშირე თურქეთსა და ანტიტერორიზმში ჩვენს ადგილობრივ სირიელ პარტნიორებს შორის კონფლიქტის ასაცილებლად. სერიოზული კონფლიქტი თურქეთსა და სირიაში ჩვენს პარტნიორებს შორის რისკის ქვეშ აყენებს აშშ-სთან ურთოერთობას და მსოფლიო არენაზე თურქეთის მეტად იზოლაციას გამოიწვევს.”

ტრამპი კრიტიკას საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ სირიის დემოკრატიული ძალების, რომელიც დიდწილად ქურთი მებრძოლებისაგან შედგება, დახმარება აშშ-ს ზედმეტად ძვირი უჯდება.

"ქურთები ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, მაგრამ მათ დიდი რაოდენობის თანხა და აღჭურვილობა მიიღეს სანაცვლოდ. ისინი თურქეთს ათწლეულებია ებრძვიან. მე შევაჩერე ეს ბრძოლა თითქმის 3 წლის განმავლობაში, მაგრამ დროა გამოვიდეთ ამ დაუსრულებელი ომებიდან, რომელთა ნაწილი კლანურია, და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ. ჩვენ ვიბრძოლებთ იქ, სადაც ჩვენს ინტერესებშია, და მხოლოდ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.

თურქეთი, ევროპა, სირია, ირანი, ერაყი, რუსეთი და ქურთები უნდა გაერკვნენ სიტუაციაში და იმაში, თუ რა უნდა უქნან ISIS-ის მებრძოლებს თავიანთ "სამეზობლოში". მათ ყველას სძულთ ISIS, წლებია მტრობენ. ჩვენ 7000 მილით ვართ დაშორებულები და კვლავ გავანადგურებთ ISIS-ს, თუ მოგვიახლოვდებიან!"

მან თურქეთი გააფრთხილა, რომ თუ სირიაში ზღვარს გადაცდება, მის ეკონომიკას ჩამოშლის:

"როგორც ადრე ნათლად განვაცხადე, უბრალოდ რომ გავიმეორო, თუ თურქეთი გააკეთებს რამეს, რასაც მე, ჩემი დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით, ზღვარს გადაცდენად ჩავთვლი, სრულად გავანადგურებ და მიწასთან გავასწორებ თურქეთის ეკნომიკას (როგორც გამიკეთებია კიდევაც ადრე!). მათ, ევროპამ და სხვებმა, უნდა მიხედონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებულ მებრძოლებს და ოჯახებს. აშშ-მა ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმეს შეეძლო მოლოდინი ჰქონოდა, მათ შორის დაიკავა ISIS-ის ხალიფატის 100%. ახლა დროა რეგიონში სხვებმა, რომელთა ნაწილსაც დიდი სიმდიდრეც აქვს, დაიცვან საკუთარი ტერიტორია. აშშ დიდებულია!"

დონალდ ტრამპი ფოტო: CNN

მან გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს ისიც შეახსენა, რომ თურქეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილებს აწარმოებს, თუმცა, როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენის შემდეგ აშშ-მა თურქეთი F-35-ის პროგრამიდან მოხსნა და გარდა პილოტების გადამზადების პროგრამის და თვითმფრინავების მიყიდვის შეჩერებისა მათ სხვა მწარმოებლითაც ჩაანაცვლებს რაც აშშ-ს ასობით მილიონი დოლარი დაუჯდება.

ტრამპმა ასევე გაიხსენა ისიც, რომ თურქეთმა ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი მისი თხოვის შემდეგ გაათავისუფლა, თუმცა არ უხსენებია, რომ ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით დაკავებული პასტორის, რომელსაც 35 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, გასათავისუფლებლად აშშ-ს თხოვნის გარდა მკაცრი სანქციების დაწესებაც დასჭირდა რამაც ლირა მკვეთრად გააუფასურა.

ტრამპი ასევე ირწმუნება, რომ თურქეთმა კაგრად იცის არასაჭირო ბრძოლის დაწყების ფასი და რომ აშშ-ს ქურთები არ მიუტოვებია, რადგან იარაღით და ფინანსურად კვლავ ამარაგებს.

თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ლინდსი გრემისთვის, რომელმაც დაწერა:

“რაც არ უნდა თქვას პრეზიდენტმა ტრამპმა თავის გადაწყვეტილებაზე, ეს ზუსტად ისაა, რაც პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა ერაყში და კიდევ უფრო საშინელი შედეგები ექნება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. იმედი მაქვს, რომ ობამასაგან განსხვავებით ტრამპი გადააფასებს გადაწყვეტილებას და სწორ სამხედრო რჩევებს მიიღებს.”

გრემმა ისიც აღნიშნა, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება რეგიონში ირანის გავლენის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და სირია აშშ-ის მოკავშირის, ისრაელისათვის კოშმარად იქცევა.

გადაწყვეყილება გააკრიტიკა გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმაც და თქვა, რომ ქურთების სასიკვდილოდ მიტოვება დიდი შეცდომაა. სირიაში გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ყველაზე უარესი სცენარისათვის ემზადებიან.

რას გეგმავს თურქეთი სირიაში?

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: EPA
თურქეთი სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას დიდი ხანია გეგმავს, რადგან მათ ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. სირიაში ქურთი მებრძოლები აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში შედიოდნენ და აშშ-ს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

თურქეთი ირწმუნება, რომ უსაფრთხო ზონების შექმნა ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას ისახავს მიზნად, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

ნატოს მოკავშირეები სირიაში, თურქეთის საზღვართან ზონების შექმნაზე აგვისტოში შეთანხმდნენ, თუმცა თურქეთს მიაჩნდა, რომ აშშ ამ მიმართულებით ძალიან ნელა მოქმედებდა და არაერთხელ განაცხადა, რომ თავად განახორციელებდა სამხედრო ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სადაც აშშ-ის ძალების სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად იყვნენ განთავსებული. ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ ზონის ტერიტორიის საკითხზეც. უთანხმოება თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენის შემდეგ გამწვავდა.

რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

თურქეთმა უკვე განახორციელა სამხედრო ოპერაციები ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ძირითადად ქურთი მებრძოლებით დაკომპლექტებული "სახალხო დაცვის შენაერთების" წინააღმდეგ, თუმცა ამ დრომდე ევრფატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალებიც იყო განთავსებული, ოპერაციებისაგან თავს იკავებდა.

აშშ-ის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი, რომელიც რუსეთისა და ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკით გამოირჩეოდა თურქეთ აფრთხილებდა არ განეხორციელებინა რეგიონში სამხედრო ოპერაციები აშშ-სთან შეუთანხმებლად და არ შეექმნათ საფრთხე მათი თანამებრძოლი სირიის ოპოზიციური ძალებისათვის.

ჰულუსი აკარი ფოტო: Reuters
მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპის მიერ ჯარების გაყვანის თაობაზე პირველი განცხადების გავრცელებიდან მალევე, გასული წლის დეკემბერში თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი ქურთებს საკუთარი ხელით გათხრილ სანგრებში დამარხვით დაემუქრა:

“ახლა ჩვენ მანბიჯი გვაქვს და აღმოსავლეთ ევფრატი ჩვენს წინაა. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე...ამბობენ, რომ [ქურთები] მანბიჯში და აღმოსავლეთ ევფრატზე გვირაბებს და სანგრებს თხრიან. გათხარონ რამდენიც უნდათ, თუ სურთ შეუძლიათ მიწაში ჩაძვრნენ, როცა დრო და ადგილი მოვა, თავიანთივე გათხრილ სანგრებში დაიმარხებიან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს." თქვა მან დოჰაში სამხედრო ბაზის მონახულებისას.

ამჯერად ერდოღანი ირწმუნება, რომ ტრამპს მისი გეგმა გააცნო. თურქეთს სირიაში საკუთარ საზღვართან 32 კილომეტრიანი ე.წ. უსაფრთხო ზონის შემქნა სურს, რომელიც, ერდოღანის თქმით ტერორიზმთან საბრძოლველად არის საჭირო.

სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ.

რაც შეეხება ქურთებით დასახლებულ ქალაქებს, კობანში, კამიშლიში და საზღვართან მდებარე სხვა ქალაქებში ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა და ევაკუაცია არ გამოცხადებულა. საპატიმროები, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ჰყავთ კიდევ უფრო სამხრეთით მდებარეობს და ქურთული ძალების კონტროლის ქვეშ დარჩება, თუ თურქეთი ოპერაციის არსებულ გეგმას არ გასცდება. შესაბამისად გაურკვეველია, რატომ ირწმუნება ტრამპი, რომ აშშ-ის ძალების გამოსვლის შემდეგ დაკავებულ ტერორისტებზე პასუხისმგებლობას თურქეთი აიღებს.

ფოტო: TNH

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები ქურთი მოკავშირეების მიერ კონტროლირებად ბანაკ ალ ჰოლზე საუბრობენ სადაც 70,000-მდე ადამიანია მოთავსებული. იქ სახელდახელოდ შექმნილ საპატიმროებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 10,000-მდე მებრძოლია დაკავებული. ბანაკში არიან მოთავსებული მათი ოჯახის წევრებიც. წყაროები ბანაკში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ. მათი თქმით დახმარების და უსაფროების ნაკლებობის გამო ის შესაძლოა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის ცენტრად იქცეს, ხოლო თურქეთის მიერ უფრო ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყების პირობებში კი ქურთულმა ძალებმა მისი მართვა ვეღარ შეძლონ, რაც რეგიონში კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტს გამოიწვევს.

ექსპერტების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ქურთმა მოკავშირეებმა თურქეთთან დაპირისპირების შემთხვევაში შესაძლოა დახმარება ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს სთხოვონ, ვინაიდან თურქეთი სირიაში ასადის ოპოზიციას უჭერს მხარს.

რა როლს თამაშობენ რეგიონში რუსეთი და ირანი და როგორ შეცვლის ტრამპის გადაწყვეტილება სიტუაციას?

გარდა ქურთი მოკავშირეების მიტოვებისა, ტრამპის გადაწყვეტილების ოპონენტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აშშ-ის ძალების გამოსვლა ხელს შეუწყობს რეგიონში რუსეთისა და ირანის პოზიციების გაძლიერებას და ამ უკანასკნელის გამაგრებას ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან. რუსეთი და ირანი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს.

პუტინმა ასადის რეჟიმს S-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა უკვე მიაწოდა. სწორედ რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით დაიბრუნა ასადის რეჟიმმა დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი. აღსანიშნავია რუსული კერძო სამხედრო კომპანიების როლიც, რომლებიც ასადის რეჟიმის ძალებთან ერთად იბრძვიან.

სირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

პარალელურად, ისრაელის საჰაერო თავდასხმების მიუხედავად ერაყსა და სირიაში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის ირანიც. გასული წლის აგვისტოში მათ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ვლადიმირ პუტინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჰასან როუჰანი ფოტო: Reuters

რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს პერიოდულად მართავენ და მიუხედავად ინტერესებში არსებული განსხვავებებისა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ახერხებენ.

გასულ წელს პუტინი და ერდოღანი ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ, მიმდინარე წლის დასაწყისში კი ამ ზონის ერთობლივ პატრულირებაზე.

უკანასკნელი სამიტი სამი ქვეყნის ლიდერებს შორის ანკარაში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა. მოლაპარაკებები სწორედ იდლიბის პროვინციას შეეხო, სადაც, 2 წლის წინ დადებული შეთანხმების მიხედვით თურქეთმა ასადის ძალებსა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირების ასარიდებლად 12 პოსტი მოაწყო, თუმცა ასადის რეჟიმმა პროვინციაზე თავდასხმა მაინც დაიწყო.

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, 8 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი შედგა სერგეი ლავროვსა და მის თურქ კოლეგას შორის. მათ სირიაში დაგეგმილი ოპერაცია განიხილეს. საუბრის დეტალები ამ დროისათვის უცნობია, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით ისინი ახლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მოკავშირეების უკმაყოფილების ფონზე სირიიდან გამოსვლის პარალელურად ვაშინგტონს დაძაბული ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ასევე ირანთან, რაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. რუსეთისაგან სარაკეტო სისტემის შეძენამ დაძაბა ურთიერთობა ნატოს მოკავშირე თურქეთთანაც და შესაძლოა, სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.

შესაბამისად, ამერიკის რეგიონიდან გასვლა რუსეთს გზას გაუხსნის გახდეს მთავარი მომრიგებელი სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის პროცესში და თურქეთთან და ირანთან დამყარებული სამხედრო თანამშრომლობის შედეგად გავლენა მოახდინოს რეგიონში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. აშშ-ის მიერ მოკავშირეების ამგვარი მიტოვება კი მისდამი ნდობას შეასუსტებს და ვაშინგტონს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე კონტროლის ბერკეტებს წაართმევს, რამაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ერაყში გავითარებული სცენარის გამეორება გამოიწვიოს, როდესაც ამერიკის ჯარების გასვლას რეგიონში ხელახალი არეულობა და ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურება მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები