უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თადუმაძემ ვერ გაიხსენა, ოთხოზორიას მკვლელობაში რამდენი ადამიანისთვის იყო ბრალი წარდგენილი

0 კომენტარი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, ვერ გაიხსენა, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში რამდენი ადამიანი იყო ბრალდებული. 

ამის შესახებ კითხვა მას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს უსმენენ, რომელთა 20-კაციანი სიაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.  

ბოკერიამ თადუმაძეს ჰკითხა, მისთვის, როგორც გენერალური პროკურორისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ საქმეების გამოძიება, რომელიც ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვას საოკუპაციო რეჟიმის მიერ. თადუმაძემ უთხრა, რომ ეს საკითხი მისთვის პრიორიტეტული იყო. 

გიგა ბოკერია: ბატონო შალვა, გიგა ოთხოზორიას საქმეს თუ იცნობთ? 

შალვა თადუმაძე: ვიცნობ. 

გიგა ბოკერია: იცნობთ, თუ არა იმ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტმა ერთობლივად მიიღო - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. 

შალვა თადუმაძე: კი ბატონო. 

გიგა ბოკერია: იცით, თუ არა, რომ ამ სიაში მოსახვედრად პირები უნდა იყვნენ ბრალდებულები იმ უხეშ დანაშაულებში, რაც მოხდა. 

შალვა თადუმაძე: დიახ. 

გიგა ბოკერია: იცით, თუ არა, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეზე არა მარტო მოწმეების ჩვენებები არსებობს, არამედ არსებობს გადაღებული ფირი ანუ კადრები არსებობს მისი მკვლელობის. 

შალვა თადუმაძე: მე ვიცი, რომ ვინც ამ საქმეშია იდენტიფიცირებული, ყველას აქვს ბრალი წარდგენილი. 

გიგა ბოკერია: რამდენ ადამიანს აქვს იცით ბრალი წარდგენილი?

შალვა თადუმაძე: ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენ ადამიანსაც აქვს ბრალი წარდგენილი, იმდენი ადამიანია იმ სიაში. 

გიგა ბოკერია: გავიგე, რომ არ გახსოვთ გიგა ოთხოზორიას საქმეში რამდენი პირია ბრალდებული. მე გეტყვით - ერთია. ეს არის უშუალოდ ის, ვინც ჩახმახს გამოკრა. 

აი, მე ხელში მიჭირავს სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. დღემდე ამ სიაში არ არიან მოხვედრილები ის პირები, ვინც ფირზე ჩანს მკვლელობის დროს, ვინც ეხმარებოდა მას მკვლელობაში.

ჩვენ, ჩვენი წყაროებით დავადგინეთ ამ პირების გვარები, ვინც იქ იყო: ახრა ქაჯაია, საგუშაგოს უფროსი, ეს არიან აფხაზეთის ე.წ მებაჟეები, რაშიდ კარდიოღლი, თვითონ ოთხოზორიას მკვლელი, ალხაზ ალიას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი, სერგეი კორტენკო. 

შალვა თადუმაძე: თქვენ ეს სადმე წარადგინეთ? თუ გადმომცემთ...

გიგა ბოკერია: საჯაროდ, საჯაროდ გადავეცით თქვენს მთავრობას. ორჯერ და მოვთხოვეთ. 

მე რა მაინტერესებს იცით? 20 ივნისს აღელვებული მოქალაქეების, და ხაზს ვუსვამ, რომელთა ქმედებასაც მე არ ვამართლებ, როცა ისინი პოლიციას ეხებოდნენ, ეს პირები შეისწავლეთ და 19 პირია დაკავებული და ბრალდებული კიდევ უფრო მეტი და ამდენი წლის განმავლობაში, როცა იცით, რომ თქვენი უწყების პასუხისმგებლობაა, რომ ამ პირებს, ვინც გადაღებული არიან მკვლელობისას, ამ პირებს ბრალი უნდა წარუდგინოთ, რომ მერე ამ სიაში მოხვდნენ, ამისთვის რატომ ვერ მოიცალეთ? 

შალვა თადუმაძე: თქვენ კიდევ ერთხელ აკეთებთ ინტერპრეტაციას, ეს პირები თქვენ დააიდენტიფიცირეთ, ხო? მე არ ვიცი უკანასკნელი ამბები ამ გამოძიების ნაწილში...

გიგა ბოკერია: როდის მოიკითხეთ ბოლოს?

შალვა თადუმაძე: აღარ მახსოვს. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ საქმეს მოვიკითხავ ხოლმე და აღარ მახსოვს. 

გიგა ბოკერია: ბევრ საქმეს შორისაა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, ხო, თქვენთვის? 

შალვა თადუმაძე: არ გვინდა ახლა ეგ სენტიმენტები, ბევრ საქმეში თუ ცოტა საქმეში. 

გიგა ბოკერია: მინდა! გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სენტიმენტები მაქვს და თქვენც უნდა გქონდეთ და რომ არა გაქვთ ეს სენტიმენტი, ეგ არის პრობლემა, ბატონო შალვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები