ჰონგ-კონგი

ჩინეთის ზეწოლის შემდეგ Apple-მა წაშალა App, რომელიც ჰონგ-კონგელებს პოლიციის საფრთხეზე ამცნობდა

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

ჩინეთის გაფრთხილებისა და მუქარის შემდეგ მალევე Apple-მა ის აპლიკაცია წაშალა, რომელიც ჰონგ-კონგელებს პოლიციელების გადაადგილებასა და მათ მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე ინფორმაციას აწვდიდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ HKmap.live მათ წესებს არღვევდა. 

Apple-ის განცხადებით, მათ ჰონგ-კონგის კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების კრიმინალურ ბიუროში გადაამოწმეს, რომ აპლიკაციას პოლიციელების სამიზნედ ამოღებისთვის იყენებდნენ. მათივე თქმით, ზოგი დამნაშავე აპლიკაციას ისეთ ადგილებშიც იყენებდა, სადაც იცოდნენ, რომ პოლიციელები არ იყვნენ. ეს კი ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.

მართალია, Apple-მა აპლიკაცია წაშალა, თუმცა HKmap.live ვებგვერდზე და Google Play-ში კვლავ ხელმისაწვდომია. 

HKmap.live აპლიკაციით ჰონგ-კონგში პოლიციის გადაადგილების მიყოლა არის შესაძლებელი. ჰონგ-კონგის აქციებში უკვე მე-5 თვეა მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. პოლიცია ხშირად ძალადობრივად არბევს აქციას. 4 ოქტომბერს Apple-მა ეს მობილური აპლიკაცია თავისი აპლიკაციების სიაში შეიყვანა. მომხმარებლები ახალი ინციდენტების შესახებ მუდმივად წერენ და ინფორმაცია ახლდება, რითაც აქტივისტებს პოლიციისთვის თავის არიდება შეუძლიათ.  

აპლიკაციის გამო ჩინეთის ერთერთმა მთავარმა სახელმწიფო მედიამ People's Daily კომპანია Apple ჰონგ-კონგელი "მეამბოხეების დაცვაში და მხარდაჭერაში" ამხილა. კომპანია ჰონგ-კონგში პოლიციის გადაადგილების მაჩვენებელი აპლიკაციისა და ჰონგ-კონგის ახალი არაოფიციალური ჰიმნის დამატებისთვის გააკრიტიკეს და გააფრთხილეს, რომ კომპანიას ეს არეულობას მოუტანდა.

სახელმწიფო მედიაში თქვეს, რომ "მომწამლავი" აპლიკაციის გავრცელება "ჩინელი ხალხის გრძნობებს ღალატობდა", აპლიკაციის მიღებით კი Apple პროტესტის თანამონაწილე ხდებოდა.  

კომპანიისთვის Apple ჩინეთი ერთერთი მთავარი ბაზარი და მათი პროდუქტების წარმოებისმთავარი ადგილია. მისი პროდუქტების წარმოებაზე ჩინეთში 3 მილიონი სამუშაო ადგილი მოდის. გასულ კვარტალში კომპანიამ ჩინეთის სეგმენტში (რაც ჰონგ-კონგსა და ტაივანსაც მოიცავს) გაყიდვებიდან 9.61 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

Apple პირველი კომპანია არ არის, რომელსაც ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციების მხარდაჭერისთვის ჩინური მხარე აკრიტიკებს და ხშირ შემთხვევაში ბოიკოტსაც უცხადებს.

სიუველირო კომპანიამ Tiffany & Co გამოაქვეყნა რეკლამა, სადაც მოდელს ცალ თვალზე ხელი ჰქონდა აფარებული. ჩინეთში ეს ჰონგ-კონგის აქციების მხარდამჭერ აქტად აღიქვეს და კომპანია გააკრიტიკეს. Tiffany & Co-ში განაცხადეს, რომ სურათს ჰონგ-კონგის აქციებთან საერთო არ ჰქონდა. 

ასევე ამერიკელმა საკალათბურთო გუნდის მწვრთნელმა დარილ მორიმ ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შემდეგ მისი გუნდის the Houston Rockets თამაშები ჩინეთის სატელევიზიო სივრციდან აკრძალეს, ჩინელმა სპონსორებმა კი გუნდის მხარდაჭერაზე უარი თქვეს. NBA-მ მორის კომენტარის გამო ოფიციალური ბოდიში მოიხადა. The Houston Rockets-ის ერთერთმა კალათბურთელმა ჯეიმს ჰარდენმა თქვა - "ბოდიშს ვიხდით. ჩვენ გვიყვარს ჩინეთი."

კომედიური ჟანრის ამერიკულმა სატელევიზიო შოუმ South Park-მაც ერთერთი ეპიზოდი "ბანდა ჩინეთში" ქვეყნის შიდა პოლიტიკას მიუძღვნა. ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ შოუ ჩინეთში აკრძალეს, კომედიური შოუს შემქმნელებმა კი, NBA-სგან განსხვავებით, ჩინეთს ყალბი ბოდიში მოუხადეს.

ჰონგ-კონგში ჩინეთს მსგავსი აკრძალვების დაწესებისთვის "დიდ ბავშვს" ადარებენ. ჰონგ-კონგში ჩინეთის საპირისპიროდ მომიტინგეები ბოიკოტს უცხადებენ კონტინენტური ჩინეთის ბანკებსა და ბიზნესებს. 

რა ხდება ჰონგ-კონგში?

ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები