რუსეთი

დაკავების მიუხედავად, პუტინის განსადევნად მიმავალი შამანი მსვლელობას აგრძელებს

შამანი, ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც წინა თვეებში პუტინის განსადევნად იაკუტიიდან მოსკოვისკენ ფეხით მიდიოდა მსვლელობას გააგრძელებს. ამის შესახებ შამანმა ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. 

გაბიშევმა ინტერვიუში ვლადიმერ პუტინს მიმართა და მოუწოდა საკუთარი ნებით დაეტოვებინა პრეზიდენტის თანამდებობა.

"ეს იქნება სასიკეთო როგორც რუსეთისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ არავინ არ შეგეხებათ, თქვენი თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება, არ დაიღვრება წვეთი სისხლიც კი. თქვენ უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნებ, თქვენ არცერთი მიწიერი სასამართლოს წინაშე არ უნდა წარდგეთ, თქვენი მთავარი სამსჯავრო ღვთის წინაშე გაიმართება".

როგორც გაბიშევმა აღნიშნა მსვლელობის დასრულებას იგი 2021 წელს გეგმავს. 

შეგახსნებეთ, რომ პუტინის განსადევნად მიმავალი შამანის შესახებ პირველი ცნობები ზაფხულში გავრცელდა. მოგვიანებით, 19 სექტემბერს გაბიშევი ირკუტსკისა და ბურიატიის საზღვარზე დააკავეს. მალევე შამანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ექსტრემისტული მოწოდებების გამო, რომელსაც შამანი პუტინის მიმართ აკეთებდა. 

გამოძიების მოთხოვნით ჩატარებულმა ექსპერტიზამ შამანი გაბიშევი შეურაცხადად ცნო.

კომენტარები