ირანი

წითელ ზღვაში მცურავ ირანულ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა

AFP

ირანული მედიის მიხედვით წითელ ზღვაში, საუდის არაბეთის სანაპიროსთან ირანულ ტანკერზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია.

ხომალდი ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიას ეკუთვნის და აფეთქებისას საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯედდადან 97 კილომეტრზე იმყოფებოდა.

დაზიანდა ტანკერის ორი მთავარი სათავსო, რის გამოც წითელ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა.

ირანული მედიის მიხედვით მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და მიმდინარეობს გამოძიება.

ირანის სახელმწიფო მედიაში ირანის ტანკერების ეროვნული კომპანიის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ ტანკერს ორი რაკეტა მოხვდა და ისინი, სავარაუდოდ, საუდის არაბეთიდან გაისროლეს. მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანკერს რაკეტები მოხვდა, თუმცა ირანის ტანკერების ეროვნული კომპანია ამ ინფორმაციას უარყოფს.

ინციდენტი საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე მოხდა.

გასულ თვეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით თავდასხმაში სამეფო ირანს ადანაშაულებს, ირანი კი ირწმუნება, რომ ამასთან კავშირი არ აქვთ და თავდასხმის უკან იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები დგანან.

ირანს ასევე ადანაშაულებენ ივნისსა და ივლისში სპარსეთის ყურეში ორ ნავთობტანკერზე მომხდარ აფეთქებებშიც. მანამდე კი ქვეყანა მაისში 4 ნავთობტანკერზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები