რუსეთი - ჩრდილოეთ კორეა

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მედია "ყალბ სიახლეებთან" საბრძოლველად ერთიანდებიან

0 კომენტარი
ფოტო: SCMP

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ ფხენიანში ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც "ყალბ სიახლეებთან" ერთობლივ ბრძოლის გეგმებსაც ითვალისწინებს. 

შეთანხმების თანახმად, რუსული სახელმწიფო მედია TASS და ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სიახლეების სააგენტო KCNA ახალი ამბებისა და ინფორმაციის გაცვლის თაობაზე ითანამშრომლებენ, რათა ყალბ სიახლეებს ერთობლივად შეებრძოლონ.

"ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას და ამგვარი ყალბი სიახლეების გავრცელებას უნდა ვებრძოლოთ," - აღნიშნეს TASS -ში.

ჩრდილოეთ კორეის მედიის KCNA-ის გენერალურ დირექტორს კიმ ჩან გვანგს სჯერა, რომ მხარეებმა ამ საერთო მიზნის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ.

TASS-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი მიხაილოვმა თქვა, რომ დღეს მსოფლიოს არაერთი წერტილიდან ინფორმაციის მოწოდების აუცილებლობა არსებობს - "და რათქმაუნდა, ჩრდილოეთ კორეიდანაც, რომელიც ამჟამად გლობალური მედიის ყურადღების ცენტრშია".

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე დავის შესახებ რუსული მედიები სამართლიანად და ობიექტურად აშუქებდნენ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების პრინციპულ პოზიციებს.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ჟურნალისტებს დახმარებას გაუწევდნენ.

ხელმოწერას ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩი ალექსანდერ მაცეგორაც ესწრებოდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ TASS და ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სიახლეების სააგენტომ KCNA თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას თავდაპირველად 2005 წელს მოაწერეს ხელი. 

TASS ამჟამად ერთადერთი რუსული მედიაა, რომელსაც ფხენიანში მუდმივმოქმედი ბიურო აქვს.

გასულ წლებში ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ მოსახლეობას შემდეგი სიახლეები ამცნო - ჩრდილოეთ კორეელმა არქეოლოგებმა X-XIV საუკუნით დათარიღებული მეფე ტონგმიონგის მარტორქის ე.წ. იუნიქორნის სამალავი აღმოაჩინეს; მკვლევარებმა სასწაულმოქმედი წამალი შექმნეს, რაც შიდსით ან სიმსივნით დაავადებულებს კურნავდა და ებოლას ვირუსს ანადგურებდა; ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ცხოვრობდნენ, ქვეყანამ 100 შკალიანი შეფასებიდან 100-ვე ქულა აიღო და ჩრდილოეთ კორეა ჩინეთს მხოლოდ ორი ადგილით ჩამორჩებოდა; ჩრდილოეთ კორეაში გამოიგონეს 30-40%-იანი ალკოჰოლური სასმელი, რაც ნაბახუსევს არ იწვევდა და სხვა.

რუსეთი მედია თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა ბოლოს წინა - 179-ე ადგილს იკავებს

ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი კომუნისტური რეჟიმის მქონე ქვეყანა არაა, რომელთანაც რუსეთი ყალბ ამბებთან ბრძოლაში ითანამშრომლებს. მიმდინარე თვეში რუსეთი და ჩინეთი ხელს მოაწერენ ინტერნეტსივრცეში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ინტერნეტში არალეგალური შინაარსის ინფორმაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ეს მათ შორის გამართული პირველი სამიტი იყო. შეხვედრის გახსნისას მათ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს. აგვისტოში მოსკოვში წითელ მოედანზე ჩრდილოეთ კორეის არმიის ბენდი გამოვიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები