სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგმა სამიდან ერთი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა დაადგინა

IPN

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სამიდან ერთი მუხლის "სამართლიანი სასამართლოს უფლების" დარღვევა დაადგინა, რომელიც ბათიაშვილისადმი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში გამოიხატა (6§2). სახელმწიფოს მისთვის €3 600-ის გადახდა დაეკისრა. 

ხოლო, ბათიაშვილის მიერ გასაჩივრებულ დანარჩენ ორ მუხლში, რომელიც დაკავების კანონიერებასა (5§3) და დაკავების კანონიერების გასაჩივრების უფლებას (5§4) ეხებოდა, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგმა არ განიხილა საჩივრის ის ნაწილი, რომლითაც ბათიაშვილი მე-18 და მე-5 (1) მუხლების (პოლიტიკური დევნით დაკავება) ერთობლივი დარღვევით დაობდა. სტრასბურგი წერს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელი იყო. 

საქმე "ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ეხება 2006 წელს კოდორის სპეცოპერაციის საქმეზე ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და მისი სეპარატისტებთან თანამშრომლობის შეუტყობინებლობის ფაქტზე ირაკლი ბათიაშვილის დაკავებასა და გასამართლებას. 

2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც შეიარაღებული დაჯგუფება "მონადირე" მოქმედებდა. იმავე თვეში "მონადირის" ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის, სატელეფონო მიმართვის შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. 

საგამოძიებო ორგანოებმა კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა მოიპოვეს. ბათიაშვილისა და კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა. 

ბათიაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენას საფუძვლად დაედო რუსთავი 2-ის ეთერში გასული სატელეფონო საუბარი კვიციანსა და ბათიაშვილს შორის, რომელიც სტრასბურგის დადგენილებით, ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამონტაჟებული ფორმით მიაწოდა. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამონტაჟებული ფორმით ჩანაწერის გავრცელება ემსახურებოდა საზოგადოებაში ბათიაშვილის ბრალეულობის აღქმის შექმნას.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ჩანაწერი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას დაედო საფუძვლად. 

კომენტარები