უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია

უკრაინის ეკლესიის მეთაური საბერძნეთის ეკლესიის აღიარების შემდეგ ათენში ჩასვლას გეგმავს

უნეტარესი იერონიმე და უნეტარესი ეპიფანე

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპურობელი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საბერძნეთის ეკლესიას აღიარებისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ათენში ჩასვლას შეძლებს.

"მადლობას ვუხდი ჩემს ქრისტესმიერ ძმას, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის თავმჯდომარეს ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმეს და ძმა-მღვდელმთავრებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს და შეუერთდნენ მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ და ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გაუხსნა კარი ორ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის ურთიერთობათა გაღრმავებას.

საბერძნეთსა და უკრაინას, ჩვენს ორ ერს აკავშირებს ისტორიის მრავალი ფურცელი, ძმობისა და თანამშრომლობის. სრული ევქარისტიული კავშირის დამყარება ჩვენს ორ ადგილობრივ ეკლესიებს შორის იქნება კიდეც ერთი ისტორიული ფურცელი რომელიც საუკუნოდ დარჩება ჩვენს ისტორიასა და გულებში!

მრწამს, რომ უახლოეს მომავალში მექნება ბედნიერება ვეწვიო ათენს და პირადად გადავცე ჩემი სიყვარული და პატივისცემა უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმეს, ძმა მღვდელმთავრებსა და საბერძნეთის ეკლესიის სისავსეს", - წერს ეპიფანე კიეველი.

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარეს.

კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის ეკლესია არის პირველი, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა აღიარა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური ძალაუფლება.

რუსეთის საპატრიარქო მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის დაარსებისა და აღიარების გამო, მან სამართლმადიდებლოს პირველსაყდართან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. უცნობია, გადადგამს თუ არა ამგვარ, რადიკალურ ნაბიჯს მოსკოვის საპატრიარქო საბერძნეთის ეკლესიის მიმართ.

კომენტარები