რუსეთი სირიაში

New York Times: მაისში რუსეთმა სირიაში ოთხი საავადმყოფო დაბომბა

კაფრ ნაბლის ქირურგიული ჰოსპიტალი დაბომბვის შემდეგ
AFP, Getty

ნიუ იორკ ტაიმზის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2019 წლის 5 მაისს, 12 საათის განმავლობაში რუსულმა არტილერიამ სირიაში ოთხი საავადმყოფო დაბომბა.

ამერიკული გამოცემა ინფორმაციას რუსული საჰაერო ძალების აუდიოჩანაწერების, რადარების მონაცემებისა და მოწმეთა მონაყოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

პირველი სამიზნე ნაბად ალ ჰაიათის საავადმყოფო იყო, რომელიც თვეში დაახლოებით 5000 პაციენტს ემსახურება. 2013 წლის მერე სამჯერ დაბომბვის შემდეგ, საავადმყოფო მიწისქვეშა კომპლექსში გადავიდა იმ იმედით, რომ უფრო დაცული იქნებოდა საჰაერო თავდასხმებისგან.

ნიუ იორკ ტაიმზის მიერ მოპოვებული ჩანაწერით, 5 მაისს, დღის 2:32-ზე რუსი ოფიცერი პილოტს აწვდის კოორდინატებს, რომლებიც ემთხვევა საავადმყოფოს მდებარეობას. 6 წუთში პილოტი ამბობს, რომ სამიზნეს ხედავს, ორი წუთის შემდეგ კი ადასტურებს, რომ ბომბები გაუშვა. პარალელურად, დაბომბვის კადრების გადაღება შეძლეს ადგილობივმა ჟურნალისტებმა, რადარებმა კი პერიმეტრზე რუსული თვითმფრინავი დააფიქსირეს.

17:30 წუთზე დაიბომბა კაფრ ნაბლის ქირურგიული ჰოსპიტალი, რომელიც დაახლოებით 5 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. წინასგან განსხვავებით, ამ საავადმყოფოდან პაციენტები და მომსახურე პერსონალი ევაკუირებული არ ყოფილან.

ამ შემთხვევაშიც, რადარებმა რუსული თვითმფრინავი დააფიქსირეს და ჩანაწერში პილოტმა დაადასტურა დაბომბვა.

რამდენიმე საათში ადგილი ჰქონდა კიდევ ორ ანალოგიურ შემთხვევას.

Human Rights Watch-ის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ადგილი ჰქონდა მინიმუმ 583 თავდასხმას სამედიცინო პერსონალზე. აქედან, 266 აღრიცხულია 2015 წლის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთი ჩაერია კონფლიქტში. ჯამში, ამ თავდასხმებს 916 ექიმი შეეწირა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ვეტოს ადებდნენ რეზოლუციას, რომელიც სასამართლოს წარუდგენდა განსახილველად რუსეთის ქმედებებს სირიაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თავს იკავებენ ფაქტის პირდაპირ უარყოფისგან და ამბობენ, რომ ბომბები მხოლოდ "ზუსტად გამოკვლეული სამიზნეებისკენ" მიემართება.

 

 

კომენტარები