სირია

სირიელმა ქურთებმა თურქეთის წინააღმდეგ ასადის ძალებთან მიაღწიეს შეთანხმებას

0 კომენტარი
ფოტო: EPA

სირიელმა ქურთებმა თურქეთის სამხედრო ოპერაციასთან გასამკლავებლად შეთანხმებას ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან მიაღწიეს. ასადის მთავრობა თურქეთის შესაკავებლად არმიის ჩრდილოეთ რეგიონებში გაგზავნას დათანხმდა.

სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით სირიის არმიის დანაყოფები უკვე გაგზავნეს ჩრდილოეთით, სადაც თურქეთის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.

შეთანხმების მიხედვით სირიის არმია მთელ ჩრდილოეთ საზღვარზე უნდა განთავსდეს და სირიის დემოკრატიულ ძალებს ამ ტერიტორიის თურქეთის ძალებისაგან გათავისუფლებაში დაეხმაროს. ქურთული ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გზას გაუხსნის ქურთების მიერ ოკუპირებული სხვა ქალაქების გათავისუფლებას, მათ შორის ქალაქ აფრინის, რომელიც 2018 წელს, ორთვიანი ოპერაციის შემდეგ ქურთ მებრძოლებს თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა ამბოხებულებმა წაართვეს.

სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი მაზლუმ აბდი ამბობს, რომ ასადის მთავრობასთან და მათ რუს მოკავშირეებთან თანამშრომლობა მათთვის მტკივნეული კომპრომისია.

"ჩვენ არ ვენდობით მათ მიერ მოცემულ პირობებს. გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია იმის ცოდნა, ვის შეიძლება ენდო. მაგრამ, თუ არჩვანი გვაქვს კომპრომისსა და ჩვენი ხალხის გენოციდს შორის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ავირჩევთ." წერს ის ჟურნალ Foreign Policy-ში გამოყვეყნებულ სტატიაში.

თურქეთმა ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა.

ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელიც ქურთ და არაბ მებრძოლებს აერთიანებს.

ერდოღანის თქმით ოპერაციის დაწყებიდან 109 კვადრატული კილომეტრი აიღეს, მათ შორის 21 სოფელი და ქალაქი რას ალ-აინი, ხოლო ქალაქ თელ აბიადს ალყა შემოარტყეს. მიუხედავად ამისა, სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერები ირწმუნებიან, რომ რას ალ-აინზე თურქეთის შეტევა მოიგერიეს და მათი ძალები ამჟამად მხოლოდ გარეუბნებში არიან.

ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი ქურთი მებრძოლი. თურქეთის მხრიდან საუბარია 4 დაღუპულ თურქ ჯარისკაცზე და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულების მხრიდან 16 დაღუპულ მებრძოლზე.

ქურთული ძალების წარმომადგენლების თქმით ამ პერიოდში აინ ისსას ბანაკიდან, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში მდებარეობს, მხოლოდ კვირას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების 800-მდე ნათესავი გაიქცა. აინ ისსას ბანაკში 12,000-მდე მიგრანტია, მათ შორის იყვნენ 1,000-მდე ქალი და ბავშვი, რომელთაც ჯიჰადისტებთან ჰქონდათ კავშირი. სირიის დემოკრატიული ძალები ამჟამად 7 საპატიმროს აკონტროლებს, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ბრალდებული 12,000 ადამიანი დაკავებული, მათგან 4,000 უცხოელი. თურქეთი ამბობს, რომ ოპერაციის პერიოდში დაკავებულ ტერორისტებზე პასუხისმგებლობას თავად აიღებს.

გაეროს ინფორმაციით ბრძოლების დაწყების გამო საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა 160,000-მდე ადამიანს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ პენტაგონს ჩრდილოეთ სირიიდან 1,000-მდე ჯარისკაცი გამოჰყავდა, რადგან თურქეთი სამხედრო მოქმედებებს უფრო ღრმად ახორციელებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მისი თქმით თურქეთი ოპერაციის გაგრძელებას დასავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებზეც გეგმავს და შედეგად აშშ ორ არმიას შორის არის მოყოლილი, რის გამოც თავდაპირველი გადაწყვეტილება, ჯარისკაცების ნაწილის დატოვების თაობაზე შეიცვალა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

მან ამ გადაწყვეტილების დაცვისას ისიც თქვა, რომ ქურთები თურქეთს ათწლეულებია ებრძვია და დროა ამერიკა დაუსრულებელი ომებიან გამოვიდეს. ჟურნალისტებისას საუბრისას კი აღნიშნა, რომ ქურთები აშშ-ს მეორე მსოფლიო ომში არ დახმარებიან და მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშშ-სთვის იბრძოდნენ, პირველ რიგში საკუთარი მიწისთვის იბრძვიან.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს. მან უკვე თქვა, რომ კონგრესმენებთან ერთად თურქეთისათვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები