ქართული კინო

ბაკურიანში ჩატარებული ქართული კინოს ფორუმი: რა ხდება ქართულ კინოში დღეს

ნინა აგლაძე
0 კომენტარი

ქართული კინოს ფორუმზე უტა ბერიას ფილმმა "უარყოფითი რიცხვები" და გიგა ლიკლიკაძის ფილმმა "ღორი" ფორუმის მონაწილეების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ფორუმის ბოლოს ეს ფილმები თანამედროვე ქართული კინოს მომავლის იმედად იქცა.

ბაკურიანში, რიგით მესამე ქართული კინოს ფორუმი "ნახე პირველად ბაკურიანში" 10-13 ოქტომბერს გაიმართა. ფორუმის მონაწილეები, რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები 3 დღის განმავლობაში უახლეს ქართულ ფილმებს გაეცნენ და უკვე ნაცნობი, თუ დებიუტანტი რეჟისორების სურათები შეაფასეს. ასევე მათ გამოკვეთეს ის პრობლემები, რომლებიც ქართულ კინოში დღეს არსებობს.

დიტო ცინცაძემ, რომლის ორი ფილმი "შინდისი" და "ჩაისუნთქე - ამოისუნთქე" წარმოდგენილი იყო ფორუმზე,  მონაწილეების კრიტიკა დაიმსახურა.  

 ცინცაძის ფილმში "შინდისი" მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, ვითარდება და არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების ოცეულის, არამედ, დასახლება შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებზე გვიამბობს.

სურათში "ჩაისუნთქე ამოისუნთქე"  მთავარი გმირი- ახალგაზრდა ქალია, რომელიც ციხიდან გამოვიდა და საზოგადოებაში ინტეგრირებას ცდილობს, თუმცა მისი მიღება საკუთარ ოჯახსაც კი უჭირს. რჩება შთაბიჭდილება, რომ ფილმის ავტორმა ბევრი პრობლემის გადმოცემა წარუმატებლად სცადა. ფილმში ქალის ტრაგედია, LGBTQ საზოგადოების წამომადგენლის რთული გზა, ოჯახის ტოქსიკური ურთიერთობები და სიღარიბე ჩანს, თუმცა რა კუთხით სურს რეჟისორს ამ პრობლემების წარმოდგენა გაურკვეველია. მარტივია იმის დანახვა, რომ ცინცაძე ქართული რეალობისგან შორს მდგომი ადამიანია, ის უცხო თვალით უყურებს ყველა აღნიშნულ თემას და შესაძლებელია, სწორედ ამიტომ რჩება ამ პრობლემების ზედაპირზე. 

ფოტო: GNFC

კრიტიკა დიმიტრი მამულიას ფილმმაც დაიმსახურა. სურათი "ბოროტმოქმედი" ეხებოდა ძალიან საინტერსო თემას: როგორ არის შესაძლებელი დანახულმა ბოროტმოქმედებამ, მკვლელობამ, ადამიანში მკვლელის ინსტინქტი გააღვიძოს და ის ბოროტმოქმედად აქციოს. რას გრძნობს ამ დროს ადამიანი? როგორ ხდება მისი გარდასახვა? რა გზას გადის ის დასაწყისიდან - მეორედ დაბადებამდე. სამწუხაროდ, მიუხედავად ასეთი საინტერესო სიუჟეტისა, რეჟისორს ამ თემის გაშლა არ გამოუვიდა. მან მაყურებელს ნელი, ლამაზი კადრები შესთავაზა, ხოლო პერსონაჟის გარდატეხა და ფერიცვალება ვერ გადმოსცა. ჩაფიქრებული აბსტრაქტული რეალობის შექმნა და დოსტოევსკის "დანაშაულისა და სასჯელის" იდეის სიუჟეტში ჩადება რეჟისორს ასევე არ გამოუვიდა. ფილმში იგრძნობოდა სხვა რეჟისორების გავლენა. ჩვენების ბოლოს კინომცოდნეებმა აღნიშნეს, რომ კადრები "ბოროტმოქმედიდან" სხვა რეჟისორების უკვე არსებული და ცნობილი ფილმების კადრებს  ძალიან გავს. 

ფოტო: at

ქართული კინოს ფორუმზე უტა ბერიას ფილმმა "უარყოფითი რიცხვები" და გიგა ლიკლიკაძის ფილმმა "ღორი" ფორუმის მონაწილეების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ფორუმის ბოლოს ეს ფილმები თანამედროვე ქართული კინოს მომავლის იმედად იქცა.

 უტა ბერიას სადებიუტო ფილმში "უარყოფითი რიცხვები" მოქმედება არასრულწლოვანთა კოლონიაში ვითარდება. ის გვაჩვენებს, თუ როგორ შეძლო სპორტის ერთმა სახეობამ (ამ შემთხვევაში რაგბის თამაშმა)  მოზარდების ხედვები და ცხოვრების წესი უკეთესობისკენ შეეცვალა, თუმცა რაგბი არ არის ფილმის მთავარი თემა ის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლითაც რეჟისორი ურთიერთგაგების სწავლის აუცილებლობაზე საუბრობს. პერსონაჟები ახალგაზრდები არიან, რომლებიც ციხეში გადარჩენისთვის იბრძვიან. მათ სივრცეში სიკეთე და თანაგრძნობა მხოლოდ სისუსტის ნიშანია. რაგბი ბიჭებს გზის პოვნაში ეხმარება, ერთი იდეის გარშემო აერთიანებს, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იმედს უჩენს. რეჟისორმა წარმატებულად შეძლო ეჩვენებინა მთავარი გმირის მეტამორფოზა - სიბნელიდან თავის დაღწევა, შეექმნა საინტერესო სახეები და სივრცე.  

ფოტო: GNFC

ფორუმის კიდევ ერთი წარმატებული ფილმი გიგა ლიკლიკაძის - "ღორი" იყო, რომელშიც იგრძნობოდა ახალგაზრდა რეჟისორის გამბედაობა და სითამამე. სიუჟეტის მიხედვით, ორი გმირი ბიჭს გაიტაცებს და მის ოჯახს გამოსასყიდს - 300 ლარს მოსთხოვს. სურათის დაწყებიდან მის დასრულებამდე მაყურებელი გინებით სავსე დიალოგებს ისმენდა, თუმცა ეს ტექსტი იდეალურად გადმოსცემდა მთავარი პერსონაჟების ხასიათებს, მათი ცხოვრების წესსა და მათ გარემოს. 

"ნახე პირველად ბაკურიანში" გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით „12 გაკვეთილი“ დასრულდა. ფილმი ბაბუისა და მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილიშვილის ამბავს გადმოსცემს.  მიუხედავად გარკვეული შენიშვნებისა, მთლიანობაში ფილმმა დადებითი შეფასება დაიმსახურა. 

ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა თანამედროვე ქართული კინემატოგრაფის პრობლემებსა და ტენდეციებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილმი ეხებოდა სოციალურ პრობლემებს და მაყურებელმა თითქმის ყველა სურათში დანგრეული, შეუხედავი სივრცე და სიღარიბე იხილა.  საინტერესო  იქნებოდა საშუალო ან მდიდარი ფენის პრობლემებზე, ცხოვრებასა და გარემოზე გადაღებული ფილმების ნახვაც, რადგან ამ თემებზე თანამედროვე ქართული კინო თითქმის არასდროს საუბრობს. 

ფოტო: GNFC

ფორუმის განმავლობაში გამოიკვეთა ქართული კინოს კიდევ ერთი პრობლემა - იმ სივრცის არ არსებობა, რომელშიც მაყურებელი თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმებს ნახავს. მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ არ არის მაყურებელი დაინტერესებული ქართული კინოინდუსტრიის პროდუქციით და რა უნდა გააკეთონ რეჟისორებმა და პროდიუსერებმა იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ.

ფორუმზე ნანახი ფილმებით თუ ვიმსჯელებთ, თანამედროვე ქართულ კინოს აკლია მრავალფეროვნება, დინამიკა, რეკლამა და სამწუხაროდ - მაყურებელი. ფორუმის დროს გაისმა კითხვა "რატომ არ ვიღებთ ფილმებს სიყვარულზე?". მართლაც,  რატომ ვიღებთ ფილმებს მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე, როდესაც არსებობს უამრავი მარტივი თემა, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად დააინტერესბს, ფილმი აუცილებლად გაიყიდება, მაყურებელი კი - დაინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ დიტო ცინცაძის "შინდისი"  ფორუმზე წარმოდგენილ ფილმებს შორის საუკეთესო სურათი არ იყო, კარგი რეკლამის დახმარებით ის ბევრმა ადამიანმა კინოთეატრშიც ნახა, რაც ქართული ფილმისთვის იშვიათი შესაძლებლობაა. 

ფოტო: GNFC

ქართული კინოს ფორუმის ყოველწლიურად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კინოს განვითარებისთვის. ფორუმი სივრცეა, რომელშიც მაყურებელებს, კრიტიკოსებს, რეჟისორებს, მსახიობებსა და პროდიუსერებს განსხვავებული შეხედულებების გაცვლის, პრობლემების აღმოჩენისა და მათი მოგვარების გზების ძიების საშუალება ეძლევათ. 

ფორუმი ეროვნულმა კინოცენტრმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ერთობლივად წარმოადგინეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები