პოლიტიკური დევნა

ბოკერია: სამართლიანი სასამართლოს შექმნამდე ოპონენტების მასობრივი დევნა იგივე წრეზე წასვლაა

"დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია განმარტავს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თუ ივანიშვილის დატოვებული სასამართლოთი და ნაწილობრივ, პროკურატურით გასამართლდებიან პოლიტიკურ ოპონენეტებს, იქნება განცდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა არა კანონის უზენაესობის, არამედ იმის გამო, რომ მათ წააგეს არჩევნები.

"არსებობს მძიმე დანაშაულები, მკვლელობა, წამება და ა.შ., რომლებსაც დროში ვერ გაწელავ და უნდა წახვიდე იმ რისკზე, რომ როგორი სასამართლო სისტემაც გაქვს, იმის პირობებში იმოქმედო. რაც შეეხება სხვა ასევე მძიმე დანაშაულებს, მექრთამეობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ., იმის გამო, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ გაქვს, პრობლემა შეიქმნება, თუ ივანიშვილის დატოვებული სასამართლოთი გაასამართლებ," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულ საქართველოს დასაჭერი ხალხის არანაირი წინასწარი სია არ აქვს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა.

"მართლაც არსებობს პრობლემა, რომ თუ ადამიანებს ყველაფერი ეპატიებათ, როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. ამაზე პასუხი მაქვს მარტივი და ამას ვიძახდი გუშინაც - წინასწარ სიების გამოქვეყნება არის ფუნდამენტურად არასწორი. მეორე საკითხი არის, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, ამის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ეს არის ჩვენი, ევროპული საქართველოს გზავნილი და არა ის, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს,"- თქვა ბოკერიამ. 

ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამნისტიის მომხრეა, თუმცა არა ყველა დანაშაულზე. "ამაზე ძალიან დიდი დისკუსიაა ჩვენს პარტიაში, პერსონალურად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სანამ სამართლიან სასამართლოს არ შევქმნით, მანამდე მასობრივი ამ ტიპის დევნა არის იგივე წრეზე წასვლა და კიდევ უფრო დაგვაზიანებს."

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამ თემასთან დაკავშირებით გუშინ, 13 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარის ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. "მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. 

კომენტარები