სამთავრობო ცვლილებები

TV PIRVELI: ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს

საქართველოს მთავრობა

TV პირველის ცნობით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პოსტს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, თურნავას გადაყენებას ორი მიზეზი აქვს, ერთი პანკისში მომხდარ მოვლენებს ეხება, ხოლო მეორე იმას, რომ "თურნავა ვანო ჩხარტიშვილის კადრია და არა გიორგი გახარიას". 

ტაბულა დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს, სადაც ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.

ტვ პირველს სამთავრობო თუ სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით აქამდეც გაუვრცელებია ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი, მართლდებოდა ხოლმე. ასეთი იყო, მაგალითად, ქართული ოცნების დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის, მიერ პარლამენტის დატოვება, გიორგი გახარიას გაპრემიერმინისტრება და ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდში დაბრუნება.

ნათია თურნავა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე-7 ეკონომიკის მინისტრია. ეს პოსტი მან 18 აპრილს დაიკავა და გიორგი ქობულია ჩაანაცვლა. თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ პირველად 2000 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც შეინარჩუნა, 2006 წლის ბოლოდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა. 2013 წლიდან 2018 წლამდე თურნავა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ვიდრე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდებოდა.

ტვ პირველის ცნობით, სამთავრობო ცვლილებები თურნავას გარდა სხვა მინისტრებსაც შეეხებათ. 

კომენტარები