ანაკლიის პორტი

ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობამ პროექტის საბოტაჟი მოახდინა

ლევან ახვლედიანი

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ გასული თვეების და კვირების მანძილზე "მთავრობამ პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის".

ახვლედიანი საუბრობს ორ შემთხვევაზე, როცა მთავრობამ უარით გაისტუმრა ჰონგკონგური კომპანია იმ მიზეზით, რომ ამერიკული ინვესტორს ეძებდა, შემდეგ კი პოტენციური ამერიკული ინვესტორის მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.

"ჩვენ შევძელით, დიდი ძალისხმევის შედეგად, მოგვეძია ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ერთი იყო ყაზახურ-ჰონგკონგური ჯგუფი და მეორე იყო ამერიკული, ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს, ჰონგკონგურ ჯგუფს მთავრობამ გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან ისინი არ იყვნენ დასავლური, კერძოდ, ამერიკული კომპანია.

ამავდროულად მოვიყვანეთ ასევე ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით, რომელმაც მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას. ჩვენ ამ წერილს დაგვპირდა მთავრობა, რომ გაუგზავნიდა ამერიკულ ფონდს ამ კონკრეტულ წერილს, მაგრამ ეს წერილი არასდროს მიუვიდა ადრესატს." - ამბობს ლევან ახვლედიანი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსორციუმს ახლაც ჰყავს ინვესტორები, ვინც კვლავ მზად არის პროექტში ფული ჩადოს

როგორც ახვლედიანი ამბობს, კონსორციუმი დღეს "აღარაფრის ჩაბარებას" აპირებს. მისი თქმით, კონსორციუმმა უკვე წარადგინა ხედვა, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს მიესადაგება.

დღეს, 15 ოქტომბერს იწურება სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარადგინოს წინასწარი შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა სამუშაო დღის ბოლომდე დაელოდება კონსორციუმისგან დოკუმენტების წარდგენას, ხვალ კი გააჟღერებს საკუთარ პოზიციას ინვესტორებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, კონსორციუმისთვის მიცემული ვადა რამდენიმეჯერ გახანგრძილვდა, მათ შორის ბოლოს ესეთი გადაწყვეტილება მთავრობამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ მიიღო. მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ბოლო მიიყვანდა პორტის მშენებლობას.

ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა წარადგინა ორი პოტენციური ინვესტორი, ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი. ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჰოლანდიურ Van Ord-თან დაკავშირებით სამინისტრომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ხოლო Meridian-თან დაკავშირებით 28 ოქტომბრამდე.

კომენტარები