აშშ

ტრამპის იმპიჩმენტის გზამკვლევი: რა შუაშია უკრაინა და რა შანსები აქვთ დემოკრატებს

ქეთი ხუციშვილი
0 კომენტარი

“ჯულიანი ხელყუმბარაა, რომელიც ყველას ააფეთქებს.” ეს სიტყვები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ეკუთვნის. როგორც მისმა თანაშემწემ კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისას თქვა, ბოლტონმა ამგვარად უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალი და ტრამპის პირადი ადვოკატი შეაფასა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

თუმცა, ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა ანონიმური მხილება, რომელშიც ის სწორედ ამ სატელეფონო საუბარზე და თეთრი სახლის თანამშრომლების მიერ მისი დამალვის მცდელობაზე საუბრობს.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

როგორ აღმოჩნდა ტრამპი მორიგ სკანდალში და შესაძლოა თუ არა ის გახდეს აშშ-ის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ და პირველი, რომელსაც თეთრ სახლს ამ მექანიზმით დაატოვებინებენ?

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ფოტო: National Review

ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბარი

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა.

საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის დახმარების გაცემა. თუმცა, ტრამპის თქმით, ამას ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების მოთხოვნასთან არაფერი აქვს საერთო. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, დახმარების გაწელვის მიზანი იყო, უკრაინას ის ევროპული სახელმწიფოებიც დახმარებოდნენ, რომლებიც უკრაინას სათანადოდ არ უჭერენ მხარს.

გამოძიების ფონზე კი ტრამპმა საუბრის ტრანსკრიპტის გამოქვეყნება გადაწყვიტა და თქვა, რომ ეს მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს გააქარწყლებდა, თუმცა საუბარში არაერთი საეჭვო დეტალი აღმოჩნდა.

ტრანსკრიპტიდან არ ჩანს ის, რომ ტრამპი ზელენსკის გარიგებას სთავაზობს, თუმცა, სანამ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს, ეუბნება, რომ აშშ უკრაინას "ძალიან, ძალიან კარგად" ექცეოდა. 

"როდესაც ანგელა მერკელს შევხვდი, ის საუბრობს უკრაინაზე, თუმცა ის არაფერს აკეთებს. ბევრი ევროპული ქვეყანა იქცევა ასე, მაგრამ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან, ძალიან კარგად იქცეოდა. ვერ ვიტყოდი რომ ეს აუცილებლად ორმხრივია, იმიტომ რომ რაღაცეები ხდება რაც უკრაინისთვის კარგი არაა, თუმცა აშშ ძალიან ძალიან კარგად ექცეოდა უკრაინას," - ეუბნება ტრამპი ზელენსკის. 

უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს დაეთანხმა და მას უთხრა, რომ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციებით აშშ უკრაინისთვის "ბევრად დიდი პარტნიორია", ვიდრე ევროპული ქვეყნები. ზელენსკივემ დაამატა, რომ ის შეერთებული შტატებისგან მეტი ჯაველინების შეძენას გეგმავს. 

რის პასუხადაც ტრამპი ზელენსკის ეუბნება: 

"გვინდა, რომ რაღაც გთხოვოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრ სირთულეს აწყდება ახლა და უკრაინამ ეს ყველაფერი კარგად იცის...

ბევრს საუბრობენ ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა საქმე შეაჩერა და ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, რა მოხდა, ასე რომ, რის გაკეთებასაც შეძლებ მთავარ პროკურორთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. ბაიდენი ტრაბახობდა აქეთ-იქით, რომ მან გამოძიება შეაჩერა, ასე რომ, თუ შეგიძლია, გადახედო... ეს ჩემთვის საშინლად ჟღერს". 

ტრანსკრიპტის გამოქვეყნების ეს გადაწყვეტილება გასაკვირი აღმოჩნდა თავად ზელენსკისთვისაც. მან თქვა, რომ ეგონა, აშშ საუბრის ტრანსკრიპტის მხოლოდ იმ ნაწილს გამოაქვეყნებდა, რომელიც აშშ-ს ეხებოდა და არა მის სიტყვებსაც. თუმცა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ეს არავის შეუძლია მისი შვილი გარდა, ვინაიდან დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტია.

ჩაკ შუმერი ტრამპის და ზელენსკის საუბრის ტრანსკრიპტით ფოტო: abc

ანონიმური მხილება

ანონიმური მხილება 12 აგვისტოს დაიწერა. მხილების შესახებ, რომელიც ნენსი პელოსის მოტივატორი გახდა ოფიციალურად დაეწყო საიმპიჩმენტო გამოძიება, მედიაში ტრამპის სატელეფონო საუბრის შინაარსის გავრცელებამდე იყო ცნობილი, თუმცა, უცნობი იყო კონკრეტულად რას შეეხებოდა საჩივარი. გარდა ამისა, ტრამპის სატელეფონო საუბრის შინაარსის გამჟღავნებამდე ტრამპის ადმინისტრაცია საჩივრის კონგრესისათვის გადაცემას ბლოკავდა.

სწორედ ამიტომ, საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებისას კონგრესს ანონიმური მხილების წერილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნანახი. პელოსიმ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მხილების დაბლოკვა საკმარისი მიზეზი იყო იმპიჩმენტის განსახილველად.

საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყების შემდეგ კონგრესმენები სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის მიერ დაწერილ წერილს გაეცნენ, რომელშიც საუბარია არა მხოლოდ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარზე, არამედ იმაზე, რა ქმედებები მოჰყვა ამას თეთრ სახლში. საჩივრის მიხედვით ტრამპის ადმინისტრაცია ყველანაირად ეცადა საუბრის შინაარსი დაემალა და ამიტომ ჩანაწერი სპეციალურ დაცულ სერვერზე შეინახა, რაც მსგავსი სატელეფონო საუბრისათვის უჩვეულოა.

საჩივარში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ტრამპმა თანამდებობის გამოყენება სცადა 2020 წლის არჩევნებში უცხო ძალის ჩასარევად.

დემოკრატიულ პარტიაში ანონიმური მხილების წერილს “შემაშფოთებელი” უწოდეს და მისი გასაჯაროება მოითხოვეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადაზვერვო უწყებაში კიდევ რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა, რომლებსაც ამავე თემაზე აქვთ ინფორმაცია და გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

“კუდიანებზე ნადირობა” და “იდეალური სატელეფონო ზარი”

დონალდ ტრამპი საიმპიჩმენტო გამოძიებას, ისევე როგორც მანამდე რობერტ მალერის სპეციალურ გამოძიებას კუდიანებზე ნადირობას უწოდებს. ის უარყოფს, რომ სამხედრო დახმარება უკრაინის დასაშანტაჟებლად შეაჩერა და მოითხოვს იცოდეს ანონიმური მხილების წერილის ავტორის ვინაობა. ტრამპს მიაჩნია, რომ ის ჯაშუშია.

ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ სატელეფონო ზარი “იდეალური” იყო და არავითარ quid pro quo-ს (“რაიმე რაიმეს სანაცვლოდ”) არ ჰქონია ადგილი.

თუმცა, ტრამპი არ უარყოფს, რომ ზელენსკის კორუფციის თემაზე და ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებაზე ესაუბრა. მეტიც, მან ეს საჯაროდ, კამერების წინაც გაიმეორა და უკრაინასთან ერთად ახლა უკვე ჩინეთსაც მოუწოდა მსგავსი ქმედებისაკენ:

"ჩინეთმა ბაიდენების გამოძიება უნდა დაიწყოს. რაც ჩინეთში მოხდა არანაკლებ ცუდია იმაზე, რაც უკრაინაში მოხდა. ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის ადგილზე რომ ვიყო გამოძიების დაწყების რეკომენდაციას გავცემდი. ყველამ იცის, რომ ისინი კორუმპირებულები არიან. 100%-ით კორუფციული გარიგება იყო." თქვა მან.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ბაიდენის კორუფციული გარიგებების გამო აშშ-ს ჩინეთთან უსამართლო სავაჭრო შეთანხმება ჰქონდა.

"ისინი ვაჭრობენ ბაიდენის მსგავს ადამიანებთან, სადაც შეუძლიათ მის შვილს მისცენ 1.5 მილიარდი დოლარი და ეს ჩინეთს მრავალი წლის მანძილზე სასურველ შეთანხმებას მოუტანს. ისინი ჩვენს ქვეყანას აკოტრებდნენ."

ტრამპმა ტვიტერზეც დაწერა, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის კორუფციის გამოძიებაში სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ დახმარება.

ტრამპის განცხადებას ფედერალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ტვიტერზე გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით უცხოეთის მოქალაქისაგან რაიმე ღირებულის მიღება არალეგალურია.

მას შემდეგ, რაც დემოკრატმა კონგრესმენებმა თქვეს, რომ გამოძიების ფარგლებში შესაძლოა ტრამპის სხვა სატელეფონო საუბრების მოსმენაც გახდეს საჭირო, რათა ნახონ, შეიცავს თუ არა ისინი დანაშაულის ნიშნებს, ტრამპმა სკანდალში საკუთარი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსიც ჩაითრია. მან თქვა, რომ დემოკრატებს პენსის სატელეფონო საუბრების მოსმენაც ენდომებათ, რადგან მასაც ჰქონდა კავშირის უკრაინის მთავრობასთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი და მაიკ პენსი

აღსანიშნავია, რომ ტრამპი ზელენსკის მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავზე პოლონეთში უნდა შეხვედროდა, თუმცა ქარიშხლის გამო აშშ-ში დარჩა, სანაცვლოდ მაიკ პენსი გაგზავნა და თავად კი ვირჯინიაში საკუთარ კლუბში გოლფის სათამაშოდ გაეშურა. ზელენსკისთან პენსის შეხვედრის დეტალებით კონგრესი დაინტერესდა.

Washington Post-ის მიხედვით ტრამპი პენსს უკრაინაზე ზეწოლის მოსახდენად იყენებდა. მაისში მან ვიცე-პრეზიდენტს უბრძანა არ დასწრებოდა ზელენსკის ინაუგურაციას, სექტემბერში კი, პოლონეთში შემდგარი ზემოხსენებული შეხვედრისას პენსი ზელენსკის უთხრა, რომ ასობით მილიონი დოლარის დახმარების უკრაინისათვის გადაცემა კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეფერხდებოდა.

ვიცე-პრეზიდენტთან დაახლოებული პირები ირწმუნებიან, რომ მას ტრამპის და ზელენსკის საუბრის ტრანსკრიპტი არ წაუკითხავს და არაფერი იცოდა ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნის შესახებ. თუმცა, როგორც ირკვევა მისი ერთ-ერთი მრჩეველი უშუალოდ იყო სატელეფონო ზარში ჩართული.

კიდევ ერთი პირი, ვინც ზარს უსმენდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოა. თავდაპირველად პომპეომ ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა, რომ საკითხის დეტალებს არ იცნობდა, თუმცა, როგორც გაირკვა ის ტრამპისა და ზელენსკის საუბარს პირადად უსმენდა.

რის გამოძიებას ითხოვდა ტრამპი - ბაიდენები უკრაინასა და ჩინეთში

ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი ფოტო: Politico

ჯო ბაიდენის 49 წლის ვაჟი ჰანტერი იურისტი და ლობისტია. 2014-2019 წლებში ის უკრაინული ბუნებრივი აირის კომპაია Burisma-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

იმ პერიოდში, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიკტორ შოკინმა კომპანიის და მისი დამფუძნებლის, მიკოლა ზლოჩევსკის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა 2016 წელს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მის გათავისუფლებას ხელი ჯო ბაიდენმაც შეუწყო და ეს საჯაროდან განუცხადებია. ბაიდენს მიაჩნდა, რომ შოკინი საკმარისს არ აკეთებდა კორუფციასთან საბრძოლველად. 

მიუხედავად იმისა, რომ მის გათავისუფლებას მხარს სხვა დასავლური ქვეყნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც უჭერდნენ, ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბაიდენმა ეს მისი შვილის დასაცავად გააკეთა.

ბაიდენმა ისიც თქვა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების შეჩერებით დაემუქრა, თუ შოკინს, რომელიც იმ პერიოდში ბურისმას საქმეს იძიებდა, თანამდებობიდან არ გაათავისუფლებდნენ.

“მე ვთქვი, თქვენ ვერ მიიღებთ მილიარდს. მე აქაურობას დავტოვებ დაახლოებით 6 საათში. შევხედე მათ და ვთქვი “მე მივდივარ 6 საათში. თუ პროკურორი გათავისუფლებული არ იქნება, თქვენ ფულს ვერ მიიღებთ.” ის გაათავისუფლეს.” ასე იხსენებს ბაიდენი საკუთარ როლს შოკინის გადაყენების საქმეში.

მიმდინარე წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ჯო და ჰანტერ ბაიდენების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ბურისმას საქმიანობაზე გამოძიება კვლავ გრძელდება და გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ წარსულ საქმეებსაც გადახედავს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი არ არსებობს და შესაძლო კორუფცია, რომელსაც მაჟამად იძიებენ კომპანიაში ჰანტერ ბაიდენის მისვლამდე მოხდა. პროკურორის ოფისში ამბობენ, რომ ძველი საქმეების გადახედვის მიზეზი წინა მთავრობის დროს ზლოჩევსკის მინისტრის პოსტზე ყოფნაა, რის გამოც, შესაძლოა, გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა.

რაც შეეხება ჩინეთს, 2013 წელს, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ჯო ბაიდენი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მას ვიზიტისას თან ახლდნენ შვილები, მათ შორის ჰანტერი. ვიზიტისას ჰანტერი ჩინელ ბანკირს, ჯონათან ლის შეხვდა, რომელიც შემდგომში მისი ბიზნესპარტნიორი გახდა. ჰანტერი ოფიციალურ პირებთან ბინზესშეხვედრებს უარყოფს.

ჯო ბაიდენი და ჰანტერ ბაიდენი ფოტო: New York Post

ჯო ბაიდენის სპიკერმა დონალდ ტრამპი შეთქმულების თეორიების შეთხზვაში დაადანაშაულა. ჰანტერ ბაიდენის სპიკერმა კი თქვა, რომ 1.5 მილიარდი აშშ დოლარის შესახებ ინფორმაცია მცდარია და მას ჩინური ფირმებისაგან რაიმე მოგება ან კომპენსაცია არ მიუღია. ჰანტერ ბადიენმა პირობა დადო, რომ თუ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ, ყველა უცხოურ კომპანიას დატოვებს. მან უკვე დატოვა ჩინური ფირმის, BHR-ის დირექტორთა საბჭო.

კიდევ ვინ ფიგურირებს საქმეში - ჯულიანი, ვოლკერი, სონდლენდი და სხვები

ნიუ იორკის ყოფილი მერი ამჟამდ პრეზიდენტ ტრამპის პირადი ადვოკატია. მას არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ ბეიდენები უკრაინაში კორუფციაში არიან გარეულები. ის უკრაინელ პროკურორებს ამ თემაზე 2018 წლიდან ესაუბრება და ირწმუნება, რომ არა არჩევნებში, არამედ გამოძიებაში ერევიან.

სწორედ ჯულიანი უნდა ყოფილიყო უკრაინაში ბაიდენის საქმეზე გამოძიების წარმოებისას შუამავალი.

რუდი ჯულიანი ფოტო: Slate

ჯულიანისა და ზელენსკის თანაშემწის შეხვედრაში მონაწილეობდა უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი. ჯულიანი ცდილობდა დაერწმუნებინა ზელენსკის მთავრობა ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყოთ.

ანინომურ საჩივარში ნათქვამია, რომ ვოლკერი ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის მომდევნო დღეს შეხვდა ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლენდთან ერთად. მათ ზელენსკის ურჩიეს როგორ მოეხდინა ტრამპის მოთხოვნებთან ლავირება. ამის შემდეგ ვოლკერი და სონდლენდი ჯულიანისაც ესაუბრნენ.

გორდონ სონდლენდი

რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა ისიც თქვა, რომ სონდლენდს მასთან უკრაინის თემაზე უსაუბრია და უთქვამს, რომ ტრამპი ქვეყანას სამხედრო დახმარებას უჩერებდა მანამ, სანამ ისინი გამოძიების დაწყებას არ დათანხმდებოდნენ. გარდა ამისა არსებობს მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომელშიც ერთ-ერთი დიპლომატი ამ თემაზე შეშფოთებაზე გამოხატავს, რაზეც სონდლენდი მოკლედ პასუხობს: “დამირეკე”

ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებენ და გორდონ სონდლენდს კონგრესში გამოკითხვაზე მისვლა აუკრძალა, თუმცა კონგრესი სონდლენდის გამოცხადებას მოითხოვს. გარდა ამისა, კონგრესმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მოსთხოვა გადაეცა უკრაინასთან პრეზიდენტისა და მისი ადვოკატის, რუდი ჯულიანის კონტაქტის შემცველი დოკუმენტები. კონგრესი პომპეოს და სონდლენდს აფრთხილებს, რომ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა საიმპიჩმენტო გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობად ჩაითვლება. პომპეო კი ირწმუნება, რომ აშშ-ს უკრანასთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა და კორუფციის აღმოფხვრაში დახმარება სურს.

რაც შეეხება ვოლკერს, მან სკანდალის აგორების შემდეგ თანამდებობა დატოვა და კონგრესის წინაშე ჩვენებაც მისცა. მან დიპლომატებთან სატელეფონო გზავნილები წარმოადგინა, საიდანაც ჩანს, როგორ იგეგმებოდა ტრამპმა და ზელენსკის შორის შეხვედრა (რომელიც საბოლოოდ ნიუ იორკში გაეროს გენერალური სამიტის ფარგლებში შედგა) და რომ აუცილებელ წინაპირობად ზელენსკის მხრიდან ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისათვის მზაობის დემონსტრირება მოიაზრებოდა.

კურტ ვოლკერი ფოტო: the hill

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი მარი იოვანოვიჩიც. The Wall Street Journal-ის მიხედვით ის პოსტიდან რუდი ჯულიანის და სხვათა საჩივრის გამო გაათავისუფლეს. ივანოვიჩმა მოსმენისას თქვა, რომ ტრამპმა ის უსაფუძვლო ბრალდებების გამო გაათავისუფლა.

ასევე გამოიკითხა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების  ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თანაშემწე ფიონა ჰილი. მან თქვა, რომ ბოლტონი მკაცრად ესაუბრა სონდლენდს უკრაინის მთავრობისათვის გამოძიების დაწყების მოთხოვნის პროცესში რუდი ჯულიანის როლზე. ფიონა ჰილი ბოლტონზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჯულიანი თეთრი სახლის შტაბის უფროსის, მიკ მულვეინს დავალებით მოქმედებდა. “რა ნარკოტიკულ შეთანხმებასაც არ უნდა ხარშავდნენ რუდი და მულვეინი, მე ამის ნაწილი არ ვარ. ჯულიანი ხელყუმბარაა, რომელიც ყველას ააფეთქებს.” თქვა ჰილის მიხედვით ბოლტონმა.

ჯონ ბოლტონი ფოტო: NYtimes

ჯულიანი აღიარებს, რომ უკრაინის წარმომადგენლებს მიმდინარე წელს შეხვდა მადრიდში, პარიზსა და ვარშავაში და მათ მოუწოდებდა ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისაკენ. თუმცა ჯულიანი ირწმუნება, რომ ეს “პოლიტიკური ქმედება” არაა და ამ მოთხოვნას 2018 წელსაც აყენებდა, როდესაც ბაიდენს კანდიდატურა არ ჰქონდა წამოყენებული.

“შეუძლებელია ეს განგაშის ამტეხი იყოს გმირი და მე არა! მე ვიქნები გმირი! ეს სულელები - როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, გმირი მე ვიქნები.” თქვა ჯულიანიმ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

საგულისხმოა, რომ გასულ კვირას ჯულიანისთან დაკავშირებული ორი პირი - ლევ პარნასი და იგორ ფრუმენი დააკავეს. ისინი ვაშინგტონის აეროპორტში აიყვანეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცალმხრივი ბილეთით ცდილობდნენ. ორივე მათგანს ბრალად წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსების კანონის დარღვევა ედება. გამოძიებას მიაჩნია, რომ ასობით ათასი დოლარი, რომელიც მათ რესპუბლიკურ პარტიას და უშუალოდ ტრამპის მხარდამჭერ ჯგუფებს 2018 წელს ჩაურიცხეს არასწორად იყო დეკლარირებული და ამასთანავე ეს საკუთარი და უკრაინის მთავრობის სულ მცირე ერთი წარმომადგენლის ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების ხელშეწყობას ემსახურებოდა. მათ ადანაშაულებენ რუსი ბიზნესმენებისგან მოზიდული თანხებით რეკრეაციული მარიხუანას ბიზნესის წახალისების სქემაშიც. მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში ჯულიანი ჯერ-ჯერობით არ ფიგურირებს.

მაიკ პენსი, იგორ ფრუმანი, ლევ პარნასი, დონალდ ტრამპი და რუდი ჯულიანი ფოტო: Twitter

ტრამპის სხვა სკანდალები, რომელზეც იმპიჩმენტს ითხოვნდნენ

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვენ და მის საქმიანობაზე კონგრესში გამოძიება მიმდინარეობს. ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე ის სკანდალში გაეხვა. საუბარი იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირზე. ტრამპს 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებისათვის რუსეთისაგან დახმარების მიღებაში ადანაშაულებდნენ.

სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა 2-წლიანი გამოძიება ჩაატარა და ვრცელი ანგარიში მოამზადა. გამოძიებამ გამოავლინა 2016 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობები, თუმცა ტრამპის კამპანიის უცხო აგენტებთან პირდაპირი და გამიზნული კავშირი ვერ დაადგინა.

გამოძიების ფარგლებში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს. მათ შორის ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. სტოუნს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა ედება, ხოლო მანაფორტს თაღლითობა და გადასახადებისათვის თავის არიდება.

წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსების თაობაზე კანონის დარღვევა და ტრამპის საყვარლებისათვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდა აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმაც.

რობერტ მალერი ფოტო: Slate

თავად მალერმა კონგრესში მოსმენისას თქვა, რომ გამოძიების ანგარიშში დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლის ნაწილში გამართლებული არ არის, როგორც ამას თავად ტრამპი ირწმუნება.

უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერმინისტრს მალერის გამოძიების დისკრეტიდაციისათვის მტკიცებულებების მოძებნაში დახმარება სთხოვა.

ავსტრალიის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის პრემიერმინისტრს, სკოტ მორისონს სატელეფონო საუბრისას რობერტ მალერის სპეციალური გამოძიების სათავეების ძებნაში დახმარება სთხოვა. ავსტრალიური მედიის მიხედვით ზარიდან მალევე აშშ-ში ავსტრალიის ელჩი თეთრ სახლს დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა.

ამ საუბრის ტრანსკრიპტზე წვდომა, ისევე, როგორც ზელენსკისთან ზარის შინაარსზე, თეთრმა სახლმა ჩვეულ პროტოკოლზე მეტად შეზღუდა.

რა შუაშია ავსტრალია?

სკოტ მორისონი და დონალდ ტრამპი ფოტო: AFP

მალერის გამოძიების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო დიდ ბრიტანეთში ავსტრალიის უმაღლესი კომისრის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროსათვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ჯორჯ პაპადოპოლუსმა 2016 წლის მაისში უთხრა, რომ მოსკოვი ჰილარი კლინტონზე კომპრომატებს ეძებდა.

პაპადოპოლუსი მსგავს საუბარს უარყოფს, თუმცა 2018 წელს 2 კვირა გაატარა ციხეში მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს რუსეთის შუამავლებთან შეხვედრების შესახებ ატყუებდა.

თუმცა, მაშინ დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ნენსი პელოსიმ მიიჩნიეს, რომ იმპიჩმენტისათვის საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობდა და მოახლოებული შუალედური და საპრეზიდენტო არჩევნების პირობებში პროცესის წამოწყება დემოკრატიულ პარტიას დაასუსტებდა. ამჯერად, Washington Post-ის მიხედვით, საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას მხარს 224 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს, წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტის დასამტკიცებლად კი 218 ხმაა საჭირო. საგულისხმოა, რომ ყველა მათგანი იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს და ეს დამოკიდებულია იმ მტკიცებულებებზე, რასაც გამოძიება მოიპოვებს.

ნენსი პელოსი და დონალდ ტრამპი ფოტო: Time

იმპიჩმენტის პროცედურა და წარსული მაგალითები

იმპიჩმენტის პროცედურის საწყის ეტაპზე საიმპიჩმენტო გამოძიება იწყება კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. კონსტიტუცია კონგრესმენებს ანიჭებს უფლებას ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს როგორც სამშობლოს ღალატის და მექრთამეობის, ასევე მაღალი დონის და წვრილი დანაშაულის გამო, თუმცა რა შედის ამაში თავად პალატამ უნდა გადაწყვიტოს. როგორც წესი, ამ უკანასკნელში პრეზიდენტის ფიცის პირობების დარღვევას მოიაზრებენ, რაც, შესაძლოა, ზოგადად კანონდარღვევად არ მიიჩნეოდეს.

თუმცა იმპიჩმენტი პრეზიდენტის პოსტიდან გადასაყენებლად საკმარისი არ არის. ამისათვის განხილვა სენატში ეწყობა, რომელსაც აშშ-ის მთავარი მოსამართლე ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის პოსტიდან გასათავისუფლებლად მისი ბრალეულობა სენატორების ⅔-მა უნდა ცნოს.

საიმპიჩმენტო გამოძიების ამ ეტაპზე კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადონ. ამისათვის ხმათა უმრავლესობაა საჭირო. ჯერ-ჯერობით უშუალოდ იმპიჩმენტს საჯაროდ მხოლოდ 27 კონგრესმენი უჭერს მხარს.

საიმპიჩმენტო გამოძიება გააერთიანებს კონგრესის 6 კომიტეტში ტრამპის წინააღმდეგ უკვე მიმდინარე გამოძიებებსაც. თუ დადგინდება, რომ იმპიჩმენტის საბაბი არსებობს, იურიდიული კომიტეტი შეადგენს იმპიჩმენტის აქტს, რომელსაც კენჭს წარმომადგენელთა პალატაში უყრიან.

იმპიჩმენტის პროცედურის ხანგრძლივობა წარმომადგენელთა პალატაზეა დამოკიდებული, თუმცა, ამჟამად დემოკრატებს გამოძიების სწრაფად დასრულება სურთ ტრამპის სკანდალის და სხვა გადაწყვეტილებების, მათ შორის სირიიდან ჯარის გამოყვანის გამო გამოწვეული უარყოფითი მუხტის ფონზე და იმიტომაც, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პრეზიდენტის, რომელიც, შესაძლოა, მეორე ვადით აღარ აირჩიონ, იმპიჩმენტის აუცილებლობა ეჭვქვეშ დადგება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის აქტს მხარი დაუჭირა, ტრამპს მეორე ვადისათვის კენჭისყრა კვლავ შეეძლება, ხოლო თუ სენატმაც მხარი დაუჭირა მის გადაყენებას, ეს პირველი მსგავსი პრეცედენტი იქნება და კონსტიტუციის ინტერპრეტაცია გახდება საჭირო.

ენდრიუ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, ბილ კლინტონი

საგულისხმოა ისიც, რომ წარმომადგენელთა პალატაში გასვლის შემთხვევაში, სადაც უმრავლესობა ამჟამად დემოკრატიულ პარტიას აქვს, სიტუაცია და საკითხისადმი დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავებულია კონგრესის ზედა პალატაში. სენატს კვლავ რესპუბლიკელები აკონტროლებენ და ჯერ-ჯერობით დონალდ ტრამპის ქმედებებში შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ. პროცედურულად, არ არსებობს ვალდებულება, რომელიც სენატს განხილვის მოწყობას აიძულებს. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ სენატი ამ აქტს არ განიხილავს, თუმცა განხილვის ჩატარების შემთხვევაშიც კი ნაკლებ სავარაუდოა, რომ განაჩენი ტრამპის საწინააღმდეგო იყოს.

მიტჩ მაკკონელმა უკვე დაგმო წარმომადგენელთა პალატის მიერ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება და თქვა, რომ დემოკრატებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ. სენატში მხოლოდ 47 დემოკრატია. ტრამპის გამამტყუვნებელი განაჩენის დადგომისათვის მათ სულ მცირე 20 რესპუბლიკელის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვებით ტრამპის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს ამერიკელების 57%-იც, თუმცა საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას 55% ემხრობა.

ამ დრომდე აშშ-ის მხოლოდ ორ პრეზიდენტს გამოუცხადეს იმპიჩმენტი: ენდრიუ ჯონსონს და ბილ კლინტონს. არცერთ მათგანს პოსტი არ დაუტოვებია. სენატმა ორივე მათგანი გაამართლა. რიჩარდ ნიქსონი უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის აქტის კენჭისყრამდე გადადგა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები