მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ივანიშვილმა პროგრეს ბანკის შეძენა მთხოვა—აუდიტისას ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია მთავარის ეთერში თიბისის მიერ ბანკ რესპუბლიკას შეძენაზე ისაუბრა. 

ხაზარაძის თქმით, 2016 წელს, როცა თიბისი, რესპუბლიკა ბანკის შეძენას გეგმავდა და გარიგება თითქმის დახურული იყო, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძე ამბობს, რომ შეჩერებული ტრანზაქციის საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრის დროს წამოჭრა.

ხაზარაძის თქმით, ამის შემდეგ ივანიშვილმა მას პროგრეს ბანკის შეძენა თხოვა და დააყოლა, რომ ამ შემთხვევაში იქნებ რესპუბლიკა ბანკის გარიგებაც დასრულებულიყო.

"მოლაპარაკებული ვიყავით სოსიეტე ჟენერალთან, მაგრამ, ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გაგვიჩერა ახსნა-განმარტების გარეშე. მე ეს გულის ტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი, რომ ამდენი ხანია საქართველოში ვაშენებ და რატომ ხდება ასე. ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ პროგრეს ბანკსაც იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", — იხსენებს ხაზარაძე.

ხაზარაძე ამბობს იმასაც, რომ პროგრეს ბანკში აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა გამოავლინა და ამის გამო თიბისიმ პროგრეს ბანკის მხოლოდ ჯანსაღი აქტივები შეიძინა.

ხაზარაძე ამბობს, რომ სხვა აქტივები და ტრანზაქციები ფულის გათეთრების ეჭვებს აჩენდა. ხაზარაძის თქმით, ეს ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ, როდესაც ამ საეჭვო აქტივების ლიკვიდაცია გამოაცხადა

"თიბისი ბანკმა, როცა დაიწყო აუდიტი პროგრეს ბანკის და ნახა იქ რა მდგომარეობაა, შეიძინა მხოლოდ რამოდენიმე ჯანსაღი აქტივი. კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო. იმის იქით აღარ წასულა თიბისი ბანკი. ამის მერე ეროვნულმა ბანკმა სასწრაფო წესით დარჩენილი რაც იყო იმას ლიკვიდაცია გაუკეთა ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე. ეს არის ძალიან საეჭვო. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული",— ამბობს ხაზარაძე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხაზარაძე პროგრეს ბანკის ეპიზოდს იხსენებს. ეს საკითხი აქტუალური იყო გაზაფხულზეც. მაშინ საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში ხაზარაძემ პირველად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის თხოვნაზე მის მიმართ შეეძინა პროგრეს ბანკი. 

ცნობისთვის თიბისი ბანკსა და სოსიეტე ჟენერალს შორის გარიგება 2016 წლის სექტემბერში დაიხურა. თიბისიმ რესპუბლიკა ბანკის 93%-იანი წილი შეიძინა, ამავე გარიგების ფარგლებში მოხდა პროგრეს ბანკის აქტივების შესყიდვაც. სულ გარიგება 315 მილიონ ლარად შეფასდა.

ეროვნულმა ბანკმა კი პროგრეს ბანკს საქმიანობის ლიცენზია ამავე წლის ოქტომბერში გაუუქმა.

პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, პროგრეს ბანკის  22%-იან წილის ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები